
ნეპალში გასულ კვირას კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ცხედრების ამოყვანას სავაჭრო ცენტრებიდან და არეულობის დროს დაზიანებული სხვა შენობებიდან.
„ამჟამად აღმოჩენილია მრავალი ადამიანის ცხედარი, რომლებიც დაიღუპნენ სავაჭრო ცენტრებში, სახლებსა და სხვა შენობებში, რომლებიც დაიწვა ან თავდასხმის შედეგად დაზარალდა“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, პრაკაშ ბუდატოკიმ.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 2 113 ადამიანი. საპროტესტო აქციების დროს ცეცხლი წაუკიდეს მრავალი სამთავრობო შენობას, მათ შორის, უზენაესი სასამართლოსა და პარლამენტის შენობებს, პოლიციის პოსტებს, ასევე პოლიტიკოსების კერძო სახლებს, მათ შორის პრეზიდენტ რამჩანდრა პაუდელის და პრემიერ-მინისტრ შარმა ოლის სახლებს.
შარმა ოლიმ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სუშილა კარკი დაინიშნა, რომელსაც 5 მარტისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაევალა.