
გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა აბასთუმანში, სადაც განვიხილეთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები, ასევე ვიმსჯელეთ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, დავსახეთ პრიორიტეტები. ზამთრის პერიოდში აქტიურად ვიმუშავებთ, რომ გაზაფხულიდან დავიწყოთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმანში სამუშაო შეხვედრის.
მინისტრი სამუშაო გასვლის ფარგლებში აბასთუმანს ეწვია და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაბის შემდგომი განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის აბასთუმნის წარმომადგენლობის შენობაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, არქიტექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ბოლო წლებში აბასთუმანში განხორციელდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა კურორტის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭიროა ახალი ეტაპის დაწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არქიტექტორების ჩართულობით, იწყებს კურორტის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვაზე მუშაობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საჭიროა დეტალური საპროექტო ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რეკრეაციულ და დენდროლოგიურ გადაწყვეტებს.
აღინიშნა, რომ აბასთუმანი უნდა განვითარდეს სპეციალისტების ჩართულობით, სტრატეგიული ხედვით და კომპლექსურად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქაოტური და წერტილოვანი განვითარება.
ასევე, განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფარეხების ინვენტარიზაცია, მიმდინარე პროექტების ადმინისტრირება და მოვლა, ასევე ზამთრის სეზონის გამოყენება პროექტირებისათვის, რათა გაზაფხულიდან უკვე შესაძლებელი გახდეს ტენდერების გამოცხადება.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის კურორტები, მათ შორის აბასთუმანი, გახდეს საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი, მიმზიდველი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას.