რეზონანსი
14.09.2025

უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ არსებობს საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც არასდროს შეეგუება რეჟიმს, პროტესტს გააგრძელებს, სანამ არ მიაღწევს შედეგს - როგორ განწყობაზეც არ უნდა იყოს ადამიანი, „სეირნობა არ მინდა", „ბრძოლა მინდა", ყველაფერს ძალა სჭირდება. ძალა ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის საყრდენები უნდა შესუსტდეს, ამას რწმენა და სიჯიუტე სჭირდება, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი" განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, „რეჟიმის პირობებში არის იმის საფრთხე, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საერთაშორისო ვითარება უარესობისკენ შეიცვალოს".

„უფრო დიდი საფრთხეა იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს რუსეთის გამო და რუსეთის მოკავშირეების გამო, როგორი დაუცველები ვრჩებით, როცა იზოლირებულები ვართ. [რეჟიმმა] რომც დაალაგოს ურთიერთობები, აქტიური მოკავშირეების შეძენის შანსი ამ რეჟიმს ნული აქვს, ეს არის მთავარი გზავნილი, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც დღევანდელი ოპოზიციის ხედვებს არ იზიარებს, ამბობს, რომ „მშვიდობა გვინდა" და ასე შემდეგ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის ამ კურსით, ყველაზე დიდ საფრთხეებს გვიქმნიან მარტო დატოვებულებს თავდაცვის გარეშე. როდესაც სუსტი ხარ, მაშინ ხარ მოწყვლადი აგრესიის თვალსაზრისით ყველასგან.

უნდა ვაჩვენოთ ამ რეჟიმს, რომ არსებობს საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც არასდროს შეეგუება ამ რეჟიმს, პროტესტს გააგრძელებს, სანამ არ მიაღწევს შედეგს. პარალელურად, პოლიტიკურმა პარტიებმა და ყველა აქტიურმა ჯგუფმა უნდა ვეცადოთ იმ ადამიანების დარწმუნება, ვინც ამ აზრის არ იყო.

როგორ განწყობაზეც არ უნდა იყოს ადამიანი, „სეირნობა არ მინდა", „ბრძოლა მინდა", ყველაფერს ძალა სჭირდება. ბრძოლად მიმაჩნია პროტესტის გაგრძელების ფორმა. ძალა ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის საყრდენები უნდა შესუსტდეს, ამას რწმენა და სიჯიუტე სჭირდება", -აღნიშნა ბოკერიამ.

გარდა ამისა, გიგა ბოკერია ოპოზიციის ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „უცნაურია არჩევნების დღის შერჩევა, რადგან ამით არჩევნებს ირიბად რაღაც მნიშვნელობას ანიჭებ".

ამასთან განმარტა, რომ ხშირად, თარიღების და ისეთი პირობების დათქმა, რომელიც შემდეგ ვერ ხორციელდება, საბოლოო ამოცანისთვის გვაზიანებს.

„იმედი მაქვს, ყველა შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება. მგონია, რომ კრიზისი ივანიშვილის რეჟიმის შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდება და ამის ნიშნებს ვხედავთ. საბოლოოდ კი მივაღწევთ ამოცანას: იმ პირობების შექმნას, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა იმხელა წინააღმდეგობას დაინახავს საზოგადოების ფართო შრეში, რომ მოუწევს ძალაუფლების დათმობასთან შეგუება. ამის მიღწევის კარგი ფორმები არსებობს, უფრო სარისკო ფორმები. ადამიანები ვინც იძახიან, მე ბრძოლა მინდა და შენ სეირნობას მთავაზობ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, ძალა რასაც ბრძოლას იძახიან, სად აქვთ? ვის აქვთ? როგორ უნდა შევიძინოთ ეს ძალა?...თარიღის უბრალოდ თქმა, ფაქტორი არ არის. ფაქტორებს შექმნა უნდა", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, პროტესტს ძალა უნდა მოემატოს, იმ ადამიანების გაფართოებაა საჭირო, ვინც თვლი, რომ „ეს რეჟიმი დასამარცხებელია".

„იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტი ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, ამ პროტესტს სჭირდება საზოგადოებაში იმ ხალხის მიღმა გავრცელება, ვინც აქამდეც მოტივირებული იყო.

ამის გავრცელება შესაძლებელია საუბრით, ივანიშვილის რეჟიმის კონტრპროპაგანდით, იმის დემონსტრირებით, რომ ნებისყოფა გვაქვს და რეჟიმი კრიზისს ვერ ასრულებს, პროტესტის გავრცელება თბილისში, თბილისს გარეთ, ინტერაქცია საზოგადოებასთან, იმ მტკივნეულ წერტილში ლეგიტიმურად დარტყმა ამ რეჟიმისთვის, რომელმაც უნდა მოარღვიოს საზოგადოების იმ ნაწილში უნდობლობა პროტესტის მიმართ, რომელშიც დღეს პრობლემა გვაქვს. ვინც კონკრეტულ თარიღს იძახის, ის არ ამბობს, რას ეყრდნობა ეს. კონკრეტულია თარიღის თქმა? ამ თარიღზე რომ რაღაც მოხდება, რა უნდა გააკეთო? ამ თარიღისთვის რომ ვითარება შეიცვლება, ამისთვის რაღაც უნდა გააკეთო. ეს არის ადამიანებთან შეხვედრა, საუბარი, მაგალითის ჩვენება, რომ პროტესტი გრძელდება და გაფართოვდება. ეს არის ერთ-ერთი, რათა მიაღწიო იმ ზღვარს, რასაც რეჟიმი ვერ გაუძლებს", - აღნიშნა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×