რეზონანსი
15.09.2025

თუ ცოტათი მაინც ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ, რომ აქცია იყოს მართვადი, რომ ხალხი არ იყოს უმართავი, თორემ ჩვენ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, - ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" „ქართულ ოცნებას" მოუწოდა, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხს მისცეს საშუალება „მშვიდობიანად დაამხონ".

„მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ეს მშვიდობიანად გავაკეთოთ. თუ ყველას დაგვიჭერთ, ხალხი გამოვა და ნახავთ რა მოგივათ!", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს საქართველო იბრუნებს თავისუფლებას.

„მათ ჩვენ სერიოზულად ვერ აღგვიქვეს თავის დროზე. ახლა ძალიან გვიანია. ახლა ჩვენი დაჭერა, მათ მინუსშია. დაგვიჭირონ. მე ვაცხადებ, რომ 4 ოქტომბერს, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. 5 ოქტომბერს დილით ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი იქნება გარეთ! ეს არის გარდაუვალი, ყველა გამოვა გარეთ. მგონი შესწევთ იმის უნარი, რომ ყველა არ დაგვაკავონ, რადგან ეს ეროვნული კრება უნდა იყოს მართვადი",- განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რა ტიპის პროვოკაციას ელოდება, ბურჭულაძე ასე პასუხობს: „იქნება პროვოკაციები. ამ მხრივ ძალიან ფრთხილად ვართ. მე პირადად ვარ ძალიან ფრთხილად, რომ ჩემ გარშემო არცერთი პროვოკაცია არ მოხდეს".

ამასთან, „რუსთაველის გამზირის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციების ორგანიზატორებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ქუჩის პროვოკაციები.

„როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან შინაურები რეკავენ, ისინი ამბობენ თუ ბევრი ადამიანი გამოვა, ჩვენ თქვენ წინააღმდეგ ხელს არ ავწევთ. ისინიც ამბობენ, ფრთხილად იყავით - იქნება ქუჩის პროვოკაციები",- განაცხადა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, ბურჭულაძე აანონსებს, რომ რამდენიმე დღეში ძალოვნები მიმართავენ კოლეგებს, რომ „ხელი არ წაუცდეთ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებს".

„ამ დღეებში ძალიან ბევრი კარგი მოწოდება იქნება, რომლებსაც ჩვენ გავასაჯაროებთ. ჯერ არ ვასაჯაროებთ, რადგან ძალიან ადრეა. ძალოვნები მიმართავენ ისევ თავიანთ კოლეგებს, რომ ხელი არ წაუცდეთ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა",- განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" ორი ვარიანტი აქვს: მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ.

„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, მშვიდობიანად გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. თუ ვინმე აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც... ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც. ამას ვერ შეაჩერებენ. ორი ვარიანტი აქვთ: მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ",- აცხადებს ბურჭულაძე.

„რუსთაველის გამზირის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მასზე 200-დან 300 ათასამდე ადამიანი მონაწილეობას მიიღებს.

ამასთანავე, მისი თქმით, 4 ოქტომბერს საზოგადოებისთვის ტექნიკური მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი გამოცხადდება.

„ჩვენ უნდა გვქონდეს სამი ლოკაცია. ამ ლოკაციებს მოგვიანებით ვიტყვით. ჩვენ ველოდებით 200-დან 300 ათასამდე ადამიანს. პირველი საკითხი იქნება ის, რომ გინდა თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იტყვის კი. იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენ ხელში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას ჩვენ მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ.

4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის. ყველაფერი გამოცხადდება. ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება.

მშვიდობას უნდა ბრძოლა, თორემ გამოსვლით და „ძირს ოლიგარქიას" ძახილმა უკვე თავისი დრო მოჭამა. ბრძოლა ბოლომდე, არ უნდა დავნებდეთ!

ჩემი აზრით, 8:00 საათზე უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან არჩევნები ტყუილად ტარდება",- აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×