
ევროკავშირის ელჩის ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „როგორ შეაფასებდით, რომ ევროკავშირის ელჩი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ერთ-ერთი არის ანანო ცინცაბაძე, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია გურიაში გადაღებული კადრებიც. ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული".
კახა კალაძის თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება, გარედან შემოდის დაფინანსებები და ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება.
„ეს ადამიანები ჩვეულებრივად წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, ძალადობრივი დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. პირდაპირ აფინანსებენ, არც ერიდებიან. არც მხარდაჭერის გამოხატვის ერიდებიან, იგივე ევროკავშირის ელჩი ჩვეულებრივად ნაწილია იმ ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც არის შექმნილი მათივე დაფინანსებით, მათივე მხარდაჭერით. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია, დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია, მისი ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი იმართება გარედან, გარედან შემოდის დაფინანსებები, გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა და ა.შ.", - განაცხადა კახა კალაძემ.