
დიახ, რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ, მშვიდობიანი რევოლუცია კონსტიტუცუაში ჩაწერილი უფლებაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ნებისმიერი ქმედება, რაც მშვიდობიანია და არაძალადობრივი, კანონიერი და კონსტიტუციურია.
„ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს, როდესაც გვჯერა, რომ გაგონილი იქნება ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის" და, პირველ ყოვლისა, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" მოწოდება, ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებულ რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ქალაქების ქუჩებში, პირველ ყოვლისა, ყველანი გამოვალთ რუსთაველის გამზირზე და ერთად ვეტყვით არას მოღალატეთა, კრიმინალთა ბანდას. დიახ, ამ რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ. მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია არის კონსტიტუცუაში ჩაწერილი უფლება. ნებისმიერი ქმედება, რაც მშვიდობიანია და არაძალადობრივი, კანონიერი და კონსტიტუციურია. ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი და არაძალადობრივი მოქმედება კონსტიტუციური და კანონიერია. მშვიდობიანი რევოლუციის მაგალითები არის სომხეთში და მშვიდობიანი რევოლუციის მაგალითი გვაქვს 2003 წელს საქართველოში. არცერთ ადამიანს თავიდან თმის ღერი არ ჩამოვარდნია და ყველაფერი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად მოხდა. საქართველო იმის შემდეგ განვითარების ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაადგა. რეჟიმს ქართველი ხალხის ქუჩაში გამოსვლის ეშინია. მისთვის მთავარია, ეს ყველაფერი არეულობად, არაკანონიერ პროცესად მონათლოს. არავის სჭირდება ძალადობა და ძალისმიერი მოქმედება. ქართული საზოგადოება ამ რეჟიმს აუცილებლად გაისტუმრებს მშვიდობიანად. ეს გარდაუვალია და აუცილებლად ასე მოხდება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მედიის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძეს მიმართა, რომ დამხობისკენ მოწოდება კანონით დასჯადია, რაზეც ბარამიძემ აღნიშნა:
„არცერთი მშვიდობიანი ქმედება, არ შეიძლება, იყოს განხილული, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედება. პოლიტიკური განცხადების დროს რაც არ უნდა სიტყვა დავაყოლოთ, არცერთი არაძალადობრივი ქმედება არასდროს შეიძლება განხილული იყოს არაკონსტიტუციურად და არაკანონიერ ქმედებად. მოქალაქე ხელისუფლებასთან მიმართებით არაძალადობრივად და მშვიდობიანად როცა მოქმედებს, მას ყველაფრის უფლება აქვს. მოწოდებაც მშვიდობიანი მოქმედებისკენაა და არა ძალადიბრივისკენ. თუ მარტო ერთ სიტყვას, დამხობას გამოვიყენებთ, ამაში ძალადობრივი მოქმედება იგულისხმება, მაგრამ ამას წინ თუ დააყოლებ არაძალადობრივ, მშვიდობიან დამხობას, ეს აღარ მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრულ იმ პუნქტს, რაზეც მიუთითებთ. ნებისმიერი ქმედება, რომელიც არაძალადობრივი და მშვიდობიანია, კონსტიტუციური და კანონიერია. ამის შედეგად თუ რეჟიმი ჩამოიშლება, დაემხობა და სახლში წავა, ეგ უკვე იმ ხელისუფლების საქმეა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა".