რეზონანსი
16.09.2025

თუ ვინმეს აქვს იმის მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, როცა წესით ქვეყანას და ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის ფულით შეეცდება, რომ თავისი ჯიბე გაისქელოს და თავისი ბედნიერება ააწყოს, მოიხდის სასჯელს და შემდეგ ეს შერჩება, ეს მომავალში შესაძლებელი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა პრევენციის კიდევ ერთი საშუალებაა.

„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყოფილი თანამდებობის პირები არ ავსებენ დეკლარაციას. თუ ვინმეს აქვს იმის მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, როცა წესით ქვეყანას და ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის ფულით შეეცდება, რომ თავისი ჯიბე გაისქელოს და თავისი ბედნიერება ააწყოს, მოიხდის სასჯელს და შემდეგ ეს შერჩება, ეს მომავალში შესაძლებელი არ იქნება. როცა კონკრეტული დამნაშავე მოიხდის სასჯელს, მას წლების განმავლობაში მოუწევს, რომ თანამდებობრივი დეკლარაციები, რომელსაც ყველა ვავსებთ, შეავსოს და საჯარო განსახილველად გამოიტანოს მისი თანხები, ქონება, გახარჯული ფინანსები - ამას მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ. ეს არის კიდევ ერთი საშუალება პრევენციისა. ყველამ იცის, რომ კორუფციასთან ბრძოლა პრაქტიკაში უმკაცრესად აღსრულდება. ამ ყველაფერს თავისი სახელი მამუკა მდინარაძემ დაარქვა. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. პირველ რიგში ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რასაც მხარს უჭერს „ქართული ოცნების” გუნდი სრულად, მათ შორის საპარლამენტო გუნდიც. საკანონმდებლო დონეზე თუ არის კიდევ რაიმე საშუალება, რომ კანონმდებლობა გამკაცრდეს, ჩვენ უკან არაფერზე არ დავიხევთ. კორუფციის წინააღმდეგ ყველანაირად ეფექტური რომ იყოს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდება”, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. აღნიშნულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად - 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

საკანონმდებლო ინიციატივაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კირცხალიას განმარტებით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც მისივე თქმით, მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×