რეზონანსი
17.09.2025

გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის)  ქუჩის  რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტზე ადგილობრივი გამგეობა მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობდა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიისა და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. 

„მინდა, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს, ყველას, ვინც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი. ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მთლიანად განახლებულია, თავისი სანიაღვრე სისტემებით, საკანალიზაციო ქსელით, წყლისა და გაზის მილებით. პროექტზე მუშაობდა, ასევე, „თბილსერვის ჯგუფი“, რომელმაც მოაწყო გარე განათების ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ, კაბელარხებშია ჩატანილი, დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. ასევე, გამწვანების მიმართულებით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“, ირგვება ხე-მცენარეები“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისი თქმით, პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის გამწვანების სამუშაოები.

„მთლიანად რეაბილიტირებული იქნება იქვე არსებული ეზოები და გზის განაპირა სივრცეები. შემოღობვები რაც იყო, მოიხსნება და გამოთავისუფლებული, მოწესრიგებული სივრცეები ისევ მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამწვანების სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, კიდევ რჩება უამრავი ქუჩა და გამზირი, რომელთაც განახლება და რეაბილიტაცია სჭირდება, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×