რეზონანსი
17.09.2025

ქუთაისში ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეების საკუთარ ქვეყანაში - საქართველოში განხორციელება შეძლონ.

ირაკლი კობახიძემ სტარტაპერებს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.

„გუშინ ვეწვიეთ ქუთაისს, სადაც ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იდგმება სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ მსოფლიო დონის აქსელერატორები და ინვესტორები და ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის კეთდება – რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები, პირველ რიგში, აქ, საკუთარ ქვეყანაში განავითარონ და იდეების რეალიზება შეძლონ საქართველოში. თქვენი წარმატება არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის და არამარტო, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის. თითოეული თქვენი ისტორია სტიმულს აძლევს ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომ თავადაც მიაღწიონ წარმატებებს, აიხდინონ ოცნება, სტარტაპად აქციონ იდეები და ამ კუთხით, სამაგალითოა ის საქმე, რომელიც თქვენ, სტარტაპერებმა გააკეთეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებას! ეს ჯილდო არის არამხოლოდ დაფასება იმ საქმიანობისა, რომელიც თქვენ განახორციელეთ, არამედ პასუხისმგებლობაც არის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განავითაროთ საკუთარი იდეები. სტარტაპების განვითარება, ინოვაციების, ტექნოლოგიების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც და ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და მომავალშიც გპირდებით მხარდაჭერას,“- განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×