
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი, ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე დაითანხმა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გ.ბ.
შეხვედრისას ლ.მ.-მ იგი მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დ.მ.-ს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს“.