
"სამოქალაქო ომისთვის ყოველთვის ორი პირობაა საჭირო – საზოგადოების ფართო მასების რადიკალური დაპირისპირება და ხელისუფლების სისუსტე. დღეს კი, ჩემი აზრით, ხელისუფლება ძლიერია, საზოგადოების დიდი ნაწილი მშვიდობასა და სტაბილურობას ემხრობა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში "ისტორია დეტალებში" ისაუბრა.
მისივე თქმით, სწორედ ეს უზრუნველყოფს სტაბილურობას და გამორიცხავს ქვეყნის დაბრუნებას სამოქალაქო დაპირისპირების წრეზე.
"ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - რადიკალიზმი არასოდეს ნიშნავს ჭეშმარიტებას. როგორც წესი, ჭეშმარიტება ყოველთვის სადღაც შუაშია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სიმწიფეს, როგორც პოლიტიკური კლასის, ისე საზოგადოებისა, სწორედ ის განსაზღვრავს, ხარ თუ არა რადიკალიზმის მომხრე, თუ კომპრომისისკენ მიმართული.
ეს დღევანდელობასაც ეხება. დღეს, საზოგადოება უფრო მიდრეკილია შუა გზისკენ და ნაკლებად არის რევოლუციების მომხრე, ვიდრე გარკვეული ნაწილი ჩვენი პოლიტიკური კლასისა. თუ წარსულში რადიკალიზმი უფრო მეტად იყო გამჯდარი, დღეს, ფართო გაგებით, საზოგადოებაში რადიკალიზმი შემცირებულია. თუმცა არსებობს რადიკალური ჯგუფი, რადიკალური კლასტერი, რომელიც ამ რადიკალიზმს ვერბალურად, სოციალური ქსელებითა და ქმედებით მაქსიმალურად ახალისებს.
მე ერთი იმედი მაქვს: დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გაცილებით ძლიერია, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მძიმე შედეგებამდე მივედით. ამიტომ, საზოგადოების მხარდაჭერა და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე არ მისცემს რადიკალიზმს საქართველოს იმავე წრეზე წაყვანის საშუალებას.
სამოქალაქო ომისთვის ყოველთვის ორი პირობაა საჭირო – საზოგადოების ფართო მასების რადიკალური დაპირისპირება და ხელისუფლების სისუსტე. დღეს კი, ჩემი აზრით, ხელისუფლება ძლიერია, საზოგადოების დიდი ნაწილი მშვიდობასა და სტაბილურობას ემხრობა. ის ობიექტური პირობები, რომლებიც მაშინ არსებობდა – მათ შორის, გარე ჩარევა საბჭოთა სპეცსამსახურების მხრიდან, – გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღეს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.