რეზონანსი
20.09.2025

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 46-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, საგადასახადო და ანტიკორუფციულ რეფორმებზე.

„სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ მოსმენა, სადაც შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც მოიცავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიმართულებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, მათ შორის ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობებზე. მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრობლემატიკასა და მისი მოგვარების პერსპექტივაზე.

ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

მათი განცხადებით, სასურველია საქართველოს მხრიდან ორმხრივი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს.

„მოსმენაზე ყველა ქვეყნის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოთქვეს მზადყოფნა მოხდეს თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ მათ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რომ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ურყევი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, ინდონეზიის, ფილიპინების, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციებმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეანი) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 46-ე ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×