
აშშ-ის სამხედრო ძალებმა გემს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაღუპულია 3 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი ბრძანებით, ომის მდივანმა ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ გემზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა აშშ-ის სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „დარტყმის შედეგად, გემზე მყოფი სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა".
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემს ამერიკელების მოსაწამლად უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული მესამე დარტყმა იყო. სულ, დარტყმების შედეგად, გემებზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ვენესუელიდან გამოსულ გემებს ნარკოტიკები გადააქვთ.