
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 13 რეკომენდაცია გამოვეცით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი მათგანი დანერგა, მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტები და ა.შ., რამაც მომხმარებლებს გაუჩინა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაჯარიმდა ოთხი კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ოთხი კომპანია საკმაოდ სოლიდურად დავაჯარიმეთ შეთანხმებულ ქმედებაზე, ეს ეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი, იმპორტით შემოტანილი მედიკამენტი 30 ლარად იყიდებოდა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კუთხით. მედიკამენტებზე ფასნამატები იყო 180-200% და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, როგორებიცაა, მაგალითად კონფერენციების ორგანიზება, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ითხოვდნენ, ეს ყველაფერი ჩაგვეთვალა ხარჯებად. საუბარია ყველასთვის ცნობილ მედიკამენტზე, ეს იქამდე ხდებოდა, ვიდრე დაწესდებოდა რეფერენტული ფასები, ასეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.