
პოლონეთში კიდევ ერთი, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, პოლონეთში, სავარაუდოდ, ბოლო რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს, რომლებმაც 10 სექტემბერს ღამე მასობრივად დაარღვიეს ქვეყნის საჰაერო სივრცე.
პოლიციამ დრონის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება 20 სექტემბერს დღისით მიიღო. უპილოტო საფრენი აპარატი კენტშინის პოვიატის სოფელ კორშეში აღმოაჩინეს, რომელიც რუსულ კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება.
დრონი მონაკვეთის მეპატრონემ აღმოაჩინა საცხოვრებელი შენობებიდან ათობით მეტრის მოშორებით. ადგილზე პოლიცია და პროკურატურის წარმომადგენლები მიდიან.
თუ დადასტურდება, რომ ეს ერთ-ერთი რუსული დრონია, მათი რაოდენობა 19-ს მიაღწევს - ოფიციალურად სწორედ ამდენი დააფიქსირეს პოლონურმა სამსახურებმა.