რეზონანსი
23.09.2025

"დასაბამიდან იყო სიტყვა"

იოანეს სახარება

საქართველოში ურბანული დატვირთვით გამორჩეული თბილისისა და ბათუმისათვის სატრანსპორტო პრობლემები უკვე წლებია მწვავე გამოწვევად იქცა. ავტომობილების მზარდი რაოდენობა, ინტენსიური (და ხშირად ქაოტური) მშენებლობები, დაუგეგმავი ურბანული ზრდა - ყოველივე ეს ქალაქების მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებას სულ უფრო გაუსაძლისს ხდის.

ამჟამად საქართველოში ყოველ 100 შინამეურნეობაზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა საბჭოთა პერიოდთან შედარებით ხუთჯერ (ან მეტჯერ) არის გაზრდილი. და თუ თბილისში ხშირად გაიგონებთ მოქალაქეებისგან: „კიდევ კარგი, მეტრო გვაქვს - თორემ როგორ ვივლიდით?“, ბათუმში ამგვარი კითხვის დასმის შანსიც არ არსებობს. 

და მაინც - ბათუმს მეტრო სჭირდება!.

ბათუმის ურბანული ტრანსფორმაცია: ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზრდა

ბოლო ათწლეულებში ბათუმი არა მხოლოდ განფენილობით, არამედ სიმაღლითაც მკვეთრად გაიზარდა. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა უკვე საგრძნობლად აჭარბებს ოდესღაც ამ ინდიკატორით მეორე ქალაქად აღიარებულ ქუთაისისას. ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის ტემპები ბათუმში მყარია და მზარდი. ამასთან, აჭარის სანაპირო ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს მასპინძლობს, რაც, ბუნებრივია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დამატებით წნეხს ქმნის. არსებული მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების გარეშე სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალია. 

ბათუმი დუბაის გზას ადგას - მაგრამ მხოლოდ ზემოდან?

დღეს ბათუმი დუბაის „ეჯიბრება“ არა მარტო ცათამბჯენებით - დაწყებულია ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობაც. - როგორც ცნობილია, დუბაიში არის  ხელოვნური პალმების ნახევარკუნძული პალმ ჯუმეირა (Palm Jumeirah). ეს „პალმის კუნძულების“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია - პალმის ხის ფორმის ხელოვნური არქიპელაგი, რომელიც დუბაის სანაპიროს აფართოებს და ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად ითვლება. დუბაიში ნახევარკუნძული დაკავშირებულია მატერიკთან ხიდითა და წყალქვეშა გვირაბით. ინფრასტრუქტურა მოიცავს სასტუმროებს, რეზიდენციებს, მაღაზიებს, გასართობ ცენტრებსა და მეტროს ხაზსაც. ბათუმშიც სწორედ პალმ ჯუმეირას ტიპის ნახევარკუნძული შენდება.

თუ ბათუმი ნამდვილად ცდილობს დუბაის „ტოლობა გაუწიოს“, მხოლოდ მიწისზედა მშენებლობა საკმარისი არ არის — მიწისქვეშაც უნდა ავაშენოთ! მეტროპოლიტენი არა მხოლოდ მიწისზედა მოძრაობას განტვირთავს, არამედ საგრძნობლად გაზრდის ქალაქის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს. მეტრო იქნება უფრო უსაფრთხო, სწრაფი, ეკოლოგიური და თანამედროვე ქალაქის განუყოფელი ნაწილი. 

ხელოვნური ნახევარკუნძული + მეტრო = ეკონომიკური ბუმი

ბათუმის მეტროპოლიტენის მშენებლობის აუცილებლობა მაღალ დადებით კორელაციაშია ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობასა და მის მულტიფუნქციურ ექსპლუატაციასთან. ბათუმის ხელოვნური ნახევარკუნძულის დასრულება მისცემს ახალ სიცოცხლეს ტურისტულ ინფრასტრუქტურას - პრემიუმ კლასის ვილები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, გართობის სივრცეები, აპარტამენტები და კომერციული ობიექტები. ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია მოიზიდავს მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებსა და ბიზნესებს.

სწორედ მათთვის და არა მხოლოდ მათთვის, კომფორტული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი მოთხოვნები იქნება მაღალი - და ქალაქსაც მოუწევს პასუხის გაცემა. მეტროპოლიტენი გახდება ემოციურად და ეკონომიკურად სანდო პასუხი ამ საჭიროებაზე.

დუბაის Palm Jumeirah-ის მსგავსი ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის სიცოცხლის შთაბერვა „აღმძრავი ღვედის“ პრინციპით გამოიწვევს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას მთლიანად ბათუმში. გაიზრდება  სასტუმროების, რესტორნების, ტაქსების, გიდებისა და სხვა სერვისების სარგებელი, ანუ ეკონომიკაში ფულის ბრუნვა;  შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ადგილობრივ მცხოვრებთა უძრავი ქონების ღირებულებაც, რაც მათ  დამატებით სარგებელს მოუტანს. 

ბათუმის სატრანსპორტო დილემა: დროა მიწისქვეშ ჩავიდეთ

თუმცა ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს კომფორტს. გაზრდილი მოთხოვნები, ტურისტთა მოლოდინები და ურბანული სირთულეები საჭიროებს სატრანსპორტო სეგმენტის სრულ რეაბილიტაციას. მიწისზედა ტრანსპორტის გაფართოება კი უკვე თითქმის შეუძლებელია - დატვირთვა მიუღებელ დონეს უახლოვდება.

მეტრო გახდება გამოსავალი.

ბათუმში მეტროს არსებობა ორმაგ პოზიტიურ შედეგს მოიტანს: ერთი მხრივ, მკვეთრად გაზრდის ქალაქის მაცხოვრებლების, ტურისტების, ვიზიტორებისა და ინვესტორების მობილურობას და, მეორე მხრივ, ადამიანთა დიდი ნაკადების გადაადგილებისათვის მეტროპოლიტენზე გადამისამართება მკვეთრად შეამცირებს მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, განტვირთავს მიწისზედა მოძრაობას, შეამცირებს საცობებს, მაქსიმალურად მიუახლოებს ქალაქს „არაპიკურ“ და „არასაცობიან“ რეჟიმს.  

ზღვასთან მდებარეობა არ არის წინააღმდეგობა. მეტროპოლიტენები აქვთ ისეთ ზღვისპირა მეგაპოლისებს, როგორიცაა ნიუ-იორკი, სტამბოლი, ლონდონი, ბარსელონა, სეული, ჰონგ-კონგი... ბათუმი ამ სიაში ადგილის დაკავებას იმსახურებს.

სად უნდა გაიაროს მეტრომ?

საწყის ეტაპზე მეტროს მარშრუტი შეიძლება მოიცავდეს გამართულ კავშირს  რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე (მანძილი - 11–12 კმ), დაახლოებით 7–8 სადგურით.

როგორ და სად მოვიძიოთ ფინანსები?

მეტროპოლიტენის მშენებლობა, როგორც წესი, არც ერთ ქვეყანაში არ ფინანსდება მხოლოდ მუნიციპალური ბიუჯეტიდან. აუცილებელია მრავალწყაროიანი დაფინანსება, რომელიც მოიცავს:

ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებს,

საერთაშორისო კრედიტებსა და სესხებს (EBRD, EIB, ADB და სხვ.),

გრანტებს,

სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობას.

საწყისი ღირებულება შეიძლება შეფასდეს დაახლოებით 5-6 მლრდ ლარად, ხოლო მშენებლობის სავარაუდო ხანგრძლივობამ შეადგინოს 4-6 წელი.

იგულისხმება ცალსახად მიწისქვეშა მეტრო, რადგანაც ბათუმის სიმჭიდროვე და აქტიური მშენებლობები უფრო იაფი და სწრაფად მშენებადი ვარიანტის - მიწისზედა მეტროს (ე.წ. მსუბუქი მეტრო / LRT - Light Rail Transit) ხაზის გაყვანის შესაძლებლობას პრაქტიკულად გამორიცხავს.  

სახელმწიფო ბიუჯეტის როლი და ხედვა

მეტროს მშენებლობა მოითხოვს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას. ეს აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტი შესაძლებლობა გააჩნია, არამედ იმის გამოც, რომ მეტროს ხაზები და ადგილმდებარეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ხედვა და ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შავი ზღვის სანაპირო ახალ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ფუნქციას იძენს.

შესაძლებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოღებული დღგ-სა და აქციზის დაახლოებით 2% დაიხარჯოს პირდაპირ ბათუმის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. ეს იქნებოდა წლის განმავლობაში მინიმუმ 200–300 მლნ ლარის მობილიზება.

დანარჩენი სახსრები მეტროს მშენებლობაზე უნდა მოიძიოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ; საჭირო იქნება მუშაობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან სესხებისა და გრანტების მისაღებად, არ უნდა გამოირიცხოს ადგილობრივი და საერთაშორისო მიზნობრივი ობლიგაციების  გამოშვება და ა.შ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის დამატებითი, „ჭარბი“ შემოსავალიც, რასაც მიიღებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და უძრავი ქონების კაპიტალიზაციის ზრდით ხელოვნური კუნძულის მშენებლობისა და მისი ექსპლუატაციაში შესვლის წყალობით.

ბუნებრივია, ეს უკანასკნელი გარემოება გაზრდიდა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებსაც როგორც პირდაპირი (გადასახადები, ლიცენზიები), ისე არაპირდაპირი (გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა) გზით, რაც ბათუმის მეტროს მშენებლობისათვის სუბსიდირების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააიოლებდა.

ძირითადი ეტაპები მშენებლობის დაწყებამდე:

ბუნებრივია, მიწისქვეშა მეტროს მშენებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ხანგრძლივი ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქისთვის. - უნდა არსებობდეს ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც შეაფასებს ტრანსპორტის არსებულ მდგომარეობას, მგზავრთა ნაკადებს, საცობების დონეს, ურბანული ზრდის დინამიკას და განვითარების ტენდენციებს.

სტრატეგიული დაგეგმვა და საჭიროების განსაზღვრა

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (Feasibility Study)

მიზნობრივი კვლევები:

მარშრუტის შერჩევა

გეოლოგიური და გეოტექნიკური ანალიზი

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

ფინანსური მოდელირება

სამართლებრივი შეფასება

ტენდერის გამოცხადება

კონტრაქტორის შერჩევა და დეტალური პროექტირება

მოსამზადებელი სამუშაოები (მათ შორის კომუნიკაციების  - წყალი, გაზი, ელექტროობა, კაბელები - გადატანა)  და მშენებლობის დაწყება.

რეალისტური ვადები

თუ დღესვე დავიწყებთ მიზნობრივ მუშაობას - 2035 წელი შეიძლება იყოს ის ეტაპი, როცა ბათუმში მეტროპოლიტენის გახსნის წითელი ლენტი გადაიჭრება.

დასკვნა

ბათუმის მეტროპოლიტენი არ არის ფანტაზია - ეს არის ობიექტური აუცილებლობა, რომლის იგნორირება მხოლოდ დროის ფუჭად დაკარგვას ნიშნავს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობასთან ერთად მეტრო გადააქცევს ბათუმს შავი ზღვის რეგიონში ძლიერ ტურისტულ და ეკონომიკურ ჰაბად, რომლის გავლენაც არა მხოლოდ აჭარაზე, არამედ სრულიად საქართველოს ეკონომიკაზე გავრცელდება.

მეტრო - ეს არის მომავლის ქალაქის მოთხოვნა, რომელიც დღეს უნდა დავიწყოთ!

ბათუმთან მიმართებაში ზემოხსენებული წინადადება მეტროს მშენებლობაზე ობიექტური აუცილებლობითა და საჭიროებითაა  განპირობებული. დარწმუნებული ვართ, მიზანმიმართული საქმიანობით და მომავალზე ორიენტაციით სასურველ შედეგზე გასვლას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ზოგადად, დროს - შემოდგომაზე დარგული ხეჭეჭურის ნერგისაგან პირველი ნაყოფის მიღებამდე... 

იოსებ არჩვაძე

ეკონომისტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×