
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა.
არსებული ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სასტუმროში მყოფი შეიარაღებული პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი სასტუმროს დამსვენებელია. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, გასროლის ხმაც გაიგეს.
“შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით - ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ გეტყვით იარაღი არის თუ არა ამოღებული“, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს „ჰოლიდეი ინნ“-თან განუცხადა.
შსს -მ"ჰოლიდეი ინნის" შენობაში დაკავებულზე განცხადებას უკვე გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში.