რეზონანსი
25.09.2025

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის.

ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება და რა პროცესები მიდის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, რასაც ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყოველდღიური ბრძოლით ვახერხებთ. ცხადია, ეს მარტივი არ არის, იმდენი გამოწვევა არსებობს - დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისგან სხვადასხვა ინტერესია, თუმცა ძალიან მტკიცედ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მის ხვალინდელ დღეს, ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლითა და ბრძოლით მოიპოვეს. ამ ყველაფერს სჭირდება განმტკიცება და შენარჩუნება", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ეს აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

„როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ვისმენთ მუქარის განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, რა თქმა უნდა, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. მზად ვართ, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობებისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, მე შეიძლება დიდი ქვეყანა ვარ, შენ პატარა და რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთოო. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×