
მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქვეყნის სააპელაციო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პარტია „მოლდოვის გულის" საქმიანობა დროებით უნდა შეჩერდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამინისტროს მიმართვა პარტიის ქმედებებთან დაკავშირებულ დარღვევებს და ზოგიერთ საეჭვო ფინანსურ ტრანზაქციას ეხებოდა.
პარტია „მოლდოვის გული" ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რამდენიმე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ბოლო დროს მისი საქმიანობა ხელისუფლების მხრიდან გამჭვირვალობისა და კანონის დაცვის კუთხით კითხვის ნიშნებს იწვევდა.
პარტიის ლიდერმა, ირინა ვლაჰმა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.
„ეს მმართველი ხელისუფლების მიერ ჩვენი პარტიის გაჩუმების გეგმის ნაწილია. ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, არც ერთი დღე არ გასულა „მოლდოვის გულის" პარტიაზე საზიზღარი, ბინძური და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების გარეშე. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით გაგვაჩუმებს, ძალიან ცდება. ბრძოლა გრძელდება და სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა ვლაჰმა.
გადაწყვეტილება დროებითია (12-თვიანი) და პარტიას უფლება აქვს, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს ის.
ამ ეტაპზე, პარტიის წევრებს აკრძალული აქვთ რაიმე ოფიციალური პოლიტიკური აქტივობის განხორციელება.