
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ბოლო კვირების განმავლობაში რუსული დრონებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გამოჩენა ევროპაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის წევრები „დრონების კედლის“ შექმნას და ერთობლივი საჰაერო დაცვის გაძლიერებას გეგმავენ და ეს საკითხი, სავარაუდოდ, 1-ლ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშრის არაფორმალურ სამიტზე განიხილება. ნიშანდობლივია, რომ სწორედ რუსული დრონებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხის გამო, ამ დღეს კოპენჰაგენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.
ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების თავზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საეჭვო დრონების გამოჩენა გახშირდა. მაგალითად, დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დახურულიც კი იყო.
გარდა ამისა, ესტონეთმა და პოლონეთმა გასულ კვირას ნატოს სხვა წევრებთან კონსულტაციები მოითხოვეს მას შემდეგ, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცეში 20 დრონი შეიჭრა.
დრონების გარდა, გასულ კვირას, ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაგამანადგურებელი „მიგ-31“-ც გამოჩნდა.
რუმინეთმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.
ოფიციალური მოსკოვი ამ ინციდენტებში რაიმე სახით მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
გამოცემა „პოლიტიკო“ კი წერს, რომ ევროპა „ფრანც ფერნინანდის მომენტისთვის“ ემზადება. ეს ნიშნავს ერთ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც, შესაძლოა, გლობალური სამხედრო კონფლიქტის დაწყების საფუძველი გახდეს. სწორედ ასე მოხდა 1914 წელს, როდესც სარაევოში ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შედეგად პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.
ევროპა რუსულ დრონებს ვერ ერევა
ევროპელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ რუსეთის დრონების წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ რთულია, არამედ ძალიან ძვირი ჯდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, აღნიშნა, რომ დასავლეთის სამხედროებს არ შეუძლიათ მუდმივად ჩამოაგდონ შემომავალი დრონები ძვირადღირებული რაკეტების გამოყენებით. მისი თქმით, ეს მიდგომა სწრაფად ამოწურავს რესურსებს და არ არის ეფექტური გრძელვადიან პერსპექტივაში:
„დაუჯერებელია, რომ ათასი ან ორი ათასი დოლარის ღირებულების დრონები ჩამოაგდოთ ისეთი რაკეტებით, რომლებიც შესაძლოა ნახევარი ან ერთი მილიონი დოლარი დაგიჯდეთ“, - განუცხადა რუტემ „ბლუმბერგს“.
როდესაც სექტემბერში 19 რუსულმა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, ვარშავის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათგან მხოლოდ ოთხი ჩამოაგდო.
რუტემ აღიარა, რომ ამ ეტაპზე ალიანსს საკმარისი აღჭურვილობა არ გააჩნია. მისივე აზრით, უნდა მოხდეს ტრადიციული საჰაერო თავდაცვის სისტემების შევსება უფრო ხელმისაწვდომი ჩამჭრელი ტექნოლოგიებით და ალიანსმა რუსული დრონების ჩასაჭრელად უფრო იაფი გზები უნდა იპოვოს.
„დრონების კედელი“
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები რუსეთისა და უკრაინის საზღვრების გასწვრივ „დრონების კედლის“ შექმნაზე შეთანხმდენენ , რათა აღმოაჩინონ, თვალყური ადევნონ და „ჩაჭრან საჰაერო სივრცის დარღვევები“.
„გზავნილი ნათელია: რუსეთი ევროკავშირსა და ნატო-ს გამოცდას უწყობსს. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და დაუყოვნებელი“, - განაცხადა ევროკავშირის თავდაცვის კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისივე თქმით, დრონების კედლის აშენებას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კი მალე შეიკრიბებიან, რათა შეიმუშაონ „დეტალური კონცეპტუალური და ტექნიკური გზამკვლევი“ მომავალი გეგმის შესახებ. კუბილიუსი აცხადებს, რომ „მთავარი პრიორიტეტი ეფექტური აღმოჩენის სისტემაა“.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დრონების შემოჭრის უკეთ აღმოსაჩენად სენსორების ქსელი შემუშავდება. გრძელვადიანი გეგმა დრონების ჩაჭრის შესაძლებლობების შექმნაა. ამ საკითხს, სავარაუდოდ, 1-ლ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ევროპის საერთო თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებასა და უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ 1-ლ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე მონაწილეთა უსაფრთხოებას გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები უზრუნველყოფენ.
ზელენსკის შეთავაზება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს შესთავაზა, შექმნან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან დასაცავად. ამის შესახებ მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
„10 სექტემბრის ღამეს პოლონეთის წინააღმდეგ დრონების ტალღა გამოცდა იყო არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ მთელი ნატო-სთვის. რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს. მას სურს დაძაბულობა გადაიტანოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი ომისგან. უკრაინა პოლონეთს და ყველა ჩვენს პარტნიორს სთავაზობს, შექმნან ერთობლივი, ჭეშმარიტად საიმედო ფარი რუსული საჰაერო საფრთხეებისგან და ეს შესაძლებელია. უკრაინას შეუძლია ყველა ტიპის რუსული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა და რეგიონში თუ ერთად ვიმოქმედებთ, ამისთვის საკმარისი იარაღი და წარმოების სიმძლავრე გვექნება. რუსეთი თუ დაკარგავს საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას, ის ვერ შეძლებს ომის გაგრძელებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.