
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და მთავარი გზავნილები გააჟღერა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. ოფიციალური მიღება სასტუმრო „ჰუალინგში" ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ორგანიზებით მოეწყო, ღონისძიებას, კობახიძის გარდა, მთავრობის სხვა წევრები, დიპ კორპუსის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერის მხრიდან ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიურ პარტნიორობას, მის შემდგომ გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების აუცილებლობას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმს და მშვიდობას.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს და ჩინელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ჩინეთის მნიშვნელოვან წვლილს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებაში.
საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა. მისი თქმით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება. ხშირია მაღალი დონის ვიზიტები, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა კი, დადებით იმპულსს ინარჩუნებს.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო ჰიმნები.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას ჩინეთთან მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.
„დღეს ჩინეთი სამაგალითოა ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის იმით, რომ წინსვლაზე, მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოა და გლობალურ მშვიდობას აძლიერებს. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა ჩვენი საერთო ინტერესების სიღრმეს ასახავს. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას და სრულ მზადყოფნას, გააძლიეროს თანამშრომლობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები ამ პარტნიორობას განამტკიცებს და მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.
„სარტყელისა და გზის" ინიციატივა, შუა დერეფნის მეშვეობით სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებთან ერთად, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს ჩვენი პარტნიორობის გასაღრმავებლად და ჩვენს ერებს შორის ძლიერი კავშირების გასამყარებლად. საქართველოსა და ჩინეთის დინამიურმა თანამშრომლობამ, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებებმა, სავიზო რეჟიმის გამარტივებამ და ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკაში ერთობლივმა ინვესტიციებმა გააძლიერა ეს როლი და აჩვენა შუა დერეფნის, როგორც კავშირის გაძლიერების, ვაჭრობის გაფართოებისა და ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობების შექმნის პლატფორმის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მეტად ძლიერი პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჭოუ ციენის შეფასებით, ჩინეთი და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერს ქვეყნების ძირიტად ინტერესებს.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, მივყვეთ ისეთ განვითარების გზას, რომელიც ჩვენი ხალხების მიერ არის არჩეული და ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საკუთარი ძირითადი ინტერესების, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება, ხშირია მაღალი დონის ვიზიტები, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ინარჩუნებს დადებით იმპულსს. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 2.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10% წლიურ ზრდას შეადგენს. ორმა მხარემ ახლახან დაასრულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ თბილისში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესებას. ორივე მხარე აქტიურად უწყობს ხელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას და მუდმივად აღრმავებს თანამშრომლობას. წელს ჩვენი ქვეყნების განათლების სამინისტროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უმაღლესი განათლების ურთიერთაღიარების შესახებ, ჩინური ენა შეტანილია უცხო ენის სასწავლო პროგრამაში საქართველოს საჯარო სკოლებში. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება სხვადასხვა, მათ შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტრატეგიულ პარტნიორობას. წელს, პირველი მაისის დღესასწაულის დროს, საქართველო ჩინეთის ათ ყველაზე მზარდად მოთხოვნად საზღვარგარეთულ ტურისტულ მიმართულებას შორის იყო. იმედი გვაქვს, ჩვენი ქართველი მეგობრები უფრო ხშირად ეწვევიან ჩინეთისსხვადასხვა ადგილებს და უკეთ შეიცნობენ რეალურ ჩინეთს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.
ჩინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მტკიცედ ვითარდება და არსებობს თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები.
„ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ორი ქვეყნის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი გახადოს ჩვენი ხალხებისთვის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ვუსურვებ განვითარებას, აყვავებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევას, ჩინეთს, საქართველოს და მსოფლიოს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.