
საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი აქტივისტის განცხადება, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიცია, არც მეტი არც ნაკლები, ჯარს ამზადებს, მათ შორის ომის ვეტერანებით დაკომპლექტებულია და რომ „მეორე მხარეს უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი" უნდა მიეცეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. აქტივისტი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის აქციისთვის იმარაგებენ ყველაფერს, რაც ამ ბრძოლას სჭირდება. დახურულ ჯგუფებში ხალხის ნაწილი აქტივისტის მოწოდებას პროპაგანდულად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ შოკისმომგვრელ განცხადებაში შესაძლოა სიმართლეც იყოს. მიიღებს თუ არა 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივ სახეს და რა მოწოდებებით გამოდიან აქტივისტები?
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე საუბრობს ამ განცხადების შესაძლო შედეგებზე, აცხადებს, რომ განცხადება პროვოკაციულია და ხაზს უსვამს საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას.
„როცა ლაპარაკია მშვიდობასა და ძალის არ გამოყენებაზე, ცოტა უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი განცხადებები. უნდა გამოჩნდეს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას, თუ რა მოხდება 4 ოქტომბერს. ვისი სახელით აკეთებს ეს ქალბატონი განცხადებას? ასე ხომ ნებისმიერს შეუძლია განცხადების გაკეთება, რომელსაც შემდეგ ხელისუფლება გამოიყენებს. მერე რა, რომ აქტივისტია?! აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ორგანიზატორების ჯგუფი, თუ არსებობს. თუ არ არსებობს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს, რადგან, მაგალითად, მე სულ არ გამიგია ამ ადამიანის სახელი და გვარი, და რამდენი შეიძლება გამოჩნდეს, ვინც თავისი სახელით თუ 4 ოქტომბრის აქციის სახელით გააკეთებს განცხადებას. სად ვეძებოთ ის ადამიანები, ვინც ორგანიზებას გაუწევს და იტყვის, რომ მშვიდობიანად უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება? ასეთი განცხადება, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხომ პროვოკაციულია, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს."
ძაბირაძე აღნიშნავს, რომ პროცესები ძალიან გაურკვევლად მიმდინარეობს, რადგან აქციის ორგანიზატორები, ბურჭულაძის და ხაბეიშვილის გარდა, არ ჩანან.
„არავინ ჩანს, ვინც ამას დააორგანიზებს და ვისაც ექნება წამყვანი სიტყვა ან ქმედება, ვინც პასუხისმგებლობას იღებს. სხვაგვარად ეს პროცესი ძალიან ცუდ განვითარებას მიიღებს, რისი შიშიც, გულწრფელად რომ გითხრათ, მაქვს - რომ უმართავი გახდეს პროცესი, რადგან, როგორც ჩანს, ეს პროცესი ქაოსურია. აბა, როგორ შეიძლება სხვანაირად გაიგო ასეთი განცხადებები? უნდა ვიცოდეთ ორგანიზატორები, ვინ აწარმოებს აქციას და რას აპირებენ.. 30 წელია, რაც ამ ქვეყანაში აქციები ტარდება, და ასეთი რამ არ მინახავს, როცა არ ვიცით, ვინ ხელმძღვანელობს აქციას. ეგრე როგორ შეიძლება?"-ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
კითხვაზე, რატომ საუბრობენ ოპოზიციონერები აქციის 5-ში და შემდეგ დღეებში გაგრძელებაზე, ექსპერტი მოკლედ გვპასუხობს:
„თავისთავად ლაპარაკი იმაზე, რომ 4-ში შევიკრიბებით და 8 საათზე ხელისუფლება უნდა გადმოგვაბარონ, თავიდანვე არასერიოზული იყო. ამიტომ ხვდებიან, რომ ეს დაპირება არარეალურია და საუბრობენ 5-ში, 6-ში პროცესების გაგრძელებაზე. ეს ერთი მხარეა. თუმცა მეორე მხარეა - ვიცოდეთ ჯგუფი, რომელიც აქციის ორგანიზებასზე იღებს პასუხისმგებლობას."-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ
სიმართლე თუ მოქმედება?
ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა სანდერის განცხადება განხილვის ეპიცენტრში რჩება.
"პირდაპირ ვიტყვი, კი, შევკრიბეთ ჯარი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების, მათ შორის, ჯარისკაცები არიან - აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მებრძოლი ადამიანიც არის. „საქართველოს პულსს" ჰყავს ასევე ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ჩვენს გუნდში არ არიან, მაგრამ ამ ბრძოლაში ისინიც ჩვენთან ერთად ერთვებიან. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს, - განაცხადა ოპოზიციის აქტივისტმა, ნანა სანდერმა.
როგორც მან აღნიშნა, მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, „უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი" უნდა მისცენ, რადგან ქვეყანას „დალეწილი სპეცრაზმელები და პოლიციელები არ სჭირდება". სანდერის თქმით, ქუჩის ბრძლისთვის მზადებაში არიან და იმარაგებენ ყველაფერს, რაც ამ ბრძოლას სჭირდება.
„ქალები ბევრს ვაკეთებთ, შეიძლება გამბედაობით ვერც ერთი კაცი ვერ დამიდგეს გვერდით, მაგრამ, ფიზიკურმა ძალამ და ამისმა დემონსტრირებამ უნდა გადაარჩინოს რომ აქეთ, ჩვენს მხარეს, მარტო ქალები კი არ ვდგავართ, კაცები დგანან და წინა რიგებში დგანან კაცები - ზუსტად სტრატეგია, რაც უნდა იყოს სწორი. ყველაფერი აბსოლუტურად, ქუჩის ბრძოლაც, იქაც უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგიაც, გეგმაც და ა.შ. მოკლედ, ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, ყველაფერი, რაც სჭირდება ამ ბრძოლას.
მეორე მხარესაც ხომ ქართველები დგანან? იმათ მივცეთ შანსი გადარჩენის, უმსხვერპლოდ. უმსხვერპლოდ იგულისხმება, რომ ჩვენ არავის მოკვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ რომ მსხვერპლი არ ვიქნებოდით, ეს გვქონდა გააზრებული. იქით მხარესაც რომ მსხვერპლი არ იყოს, ჩვენს ქვეყანას ეს არ სჭირდება - ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც დალეწილი სპეცრაზმელები, არც დალეწილი პოლიციელები", - განაცხადა ნანა სანდერმა.
რას ამბობს „ოცნება"
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სანდერი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით საუბრობს.ავღანეთშიც და უკრაინაშიც.
წილოსანი წერს, რომ ვიდეოში თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.
„თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.. ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას..არალეგალური ჯარის ფორმირებას რომ ახდენდა თურმე, შანსი რომ უნდა მოგვცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ
მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი - ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ (ნანა სანდერ -შტუტგარტი, გერმანია; რევაზ ბეროზაშვილი - ბრიუსელი, ბელგია)
თქვენ ვინ მოგცემთ საშუალებას, ჩვენი დიდი ძალისხმევით აწყობილი, მშვიდობიანი ქვეყანა აგარევინოთ!" - წერს წილოსანი.