
4 დღე 4 ოქტომბრამდე - აქციის ორგანიზატორებმა მმართველ პარტიას ულტიმატუმი წაუყენეს - „გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები" და გამოთქვას მზაობა რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე „შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით". ბოიკოტში მყოფები პოლიციასაც მიმართავენ „ემსახურონ ქართველ ხალხს და არა „ოცნებას". აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, რომ „გამორთონ ტელევიზორები და გავიდნენ რუსთაველზე".
„არაფერი იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი", - ეხმიანებიან „ქართულ ოცნებაში", აქციის ორგანიზატორების მოწოდებებს 4 ოქტომბერზე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ასეთი წინასწარი ულტიმატუმებით უბრალოდ თავს იზღვევს.
„პირველ რიგში, ეძებენ გამოსავალს თავისთვის, თავი დაიზღვიონ, რომ თუნდაც ვიღაცა გამოუშვან და ეს საბაბად გამოიყენონ, რომ, აი, ამის გამო აღარ ვაწყობთ ამ საშინელებას, არ დავამხობთ და ა.შ. თუნდაც მშვიდობიანად. თან ხალხსაც უჩვენონ, რომ თითქოს პროტესტის საფუძველი აქვთ - უსამართოდ არიან დაპატიმრებულები და ა.შ. ამ დროს, მე რომ მკითხოთ, პატიმრებმა ძალიან ლმობიერი ვადები მიიღეს და საკმაოდ რბილი მიდგომაც იყო.
„სხვა აქ არაფერია, სურთ თითქოს თავიანთი ჰუმანური სახე აჩვენონ, რომ თვითონაც არ უნდათ არავითარი დესტაბილიზაცია, შეხლა-შემოხლა, მაგრამ რა ქნან, ხომ უნდა იბრძოლონ სამართლიანობისთვის, ევროპული გზისთვის და პატიმრების გათავისუფლებისთვის - ეს არის საბაბი.
„ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ 4 ოქტომბერს ეცდებიან ხალხის რაღაც რაოდენობა ქუჩაში გამოიყვანონ, მაგრამ ამ მხრივ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ვხედავ, რომ ხალხში მზაობა არაა, ფულის გარეშე მეტ-ნაკლებად ბევრ ხალხს ვერ გამოიყვანენ, ბევრი ფული დახარჯეს და ახლა მათთვის 2-3 ათასიც კი ბევრია იმ ფონზე, რომ ყოველდღიურად 60-70 კაცს ვერ სცდებიან", - განაცხადა მამრაძემ.
კითხვას, რამდენად და რა შემთხვევაში წავა „ოცნება" აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებზე - ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმტრების გათავისუფლებაზე, პეტრე მამრაძე პასუხობს, რომ ამის ალბათობა ნულის ტოლია.
„ვფიქრობ, „ოცნება" არავითარ შემთხვევაში არ წავა ამაზე, რადგან ესაა სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო მოთხოვნები, მოქმედებს კანონი, მოქმედებს ყველა ინსტიტუტი და რატომ უნდა გამოიგონი რაღაცა და უცებ დანიშნო რიგგარეშე არჩევნები, როდესაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობითაა გაწერილი, რაც ზუსტად სრულდება და შედეგიც სახეზეა."
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ულტიმატუმი შეიძლება წინასწარ გაფრთხილებადაც განვიხილოთ.
„შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია სერიოზულად ემზადება, თავისი მოთხოვნებიც გააჩნია და ეს შეიძლება წინასწარ გაფრთხილებადაც განვიხილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლია შესაბამისი ზომები მიიღოს. „ოცნების" მზაობა ამ მოთხოვნების შესრულებაზე დამოკიდებულია იმაზე, პროცესები როგორ წარიმართება, რამდენად ბევრი ადამიანი შეიკრიბება, რამდენად შეძლებენ იგივე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რამდენად იდგება ხალხი პრინციპულად და მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას - ამ ყველა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ანუ იმაზე, თუ „ოცნება" ხალხის ძალას დაინახავს. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ბევრი ხალხი იქნება და ამიტომაც წინასწარ აფრთხილებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ერთ-ერთი აქტივისტის კომენტარს აზიარებს და ფეისბუქზე წერს, რომ 4 ოქტომბრის აციაზე დიდი ფსონია დადებული. რაც შეეხება კომენტარს, აქტივისტი ნანა სანდერი წერს, რომ „შევკრიბეთ ჯარი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების, მათ შორის, ჯარისკაცები არიან - აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მებრძოლი ადამიანიც არის".
„ვინმეს შეიძლება ეს რიგითი რადიკალის ბოდვად და ბაქი-ბუქად მოეჩვენოს, ასეთები ხომ ადრეც წაგვიკითხავს და მოგვისმენია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამჟამად ეს შეიძლება ასე არ იყოს და მისი ბრიყვულად ან შეიძლება სულაც გამიზნულად საჯაროდ გადმოფრქვეული ეს სცენარი, რეალობასთან ახლოს იყოს.
„რატომ? 4 ოქტომბრის აქციაზე დადებულია ძალიან დიდი ფსონი როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის, ისე გარე კურატორების მიერ. „4 ოქტომბრის ოპოზიციამ" და მისმა მთავარმა ძალამ, „ნაცმოძრაობამ" კარგად უწყის, რომ თუ საწადელს ვერ მიაღწიეს და ხელისუფლება ვერ დაამხეს, ისინი დასრულდებიან პოლიტიკურად და მორალურადაც. უფრო მეტიც, ხელისუფლებას გაცილებით მეტი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტები ექნება, რომ ისინი აკრძალოს.ამიტომაც, 4 ოქტომბერს ეს დესტრუქციული ძალა აბსოლუტურად ყველაფერზეა წამსვლელი!"- წერს ანჯაფარიძე ფეისბუქზე.
„მოვუწოდებთ ქართულ პოლიციასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს: ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას," დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები; უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშვნის შესახებ, შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით.
„თავისუფლების მოედანი", როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობისაგან წარმოშობილი პარტია, ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. ამიტომ, როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა", - განაცხადა „თავისუფლების მოედანის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.
ლევან ხაბეიშვილის გზავნილი კი ციხიდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა. ხაბეიშვილი „ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე. არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან! ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება".
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გადაცდომებზე მყისიერი რეაგირება იქნება.
„არაფერი იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი. თუ ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს გაბედავს, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება კანონის ფარგლებში. ყველა მიიღებს მისაღებს. რა თქმა უნდა, შეკრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში. თუ ვინმეს გადაცდომა ექნება მყისიერი რეაგირება მოჰყვება", - აღნიშნა კალაძემ.