
საქართველოში პენსია მომავალი წლიდანაც გაიზრდება და სხვადასხვა ასაკობრივად კატეგორიაში თანხის მატება განსხვავებული იქნება. უკვე რამდენიმე წელია ქვეყნის ბიუჯეტს პენსიის ყოველწლიურად გაზრდის შესაძლებლობა აქვს, რაც ეკონომისტების შეფასებით, ძალიან კარგი ტენდენციაა.
ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა, რომელთა მიხედვითაც, პენსიის ზრდა პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონის შესაბამისად არის გათვალისწინებული. კანონის თანახმად, წლიდან წლამდე პენსიის ზრდის მინიმალური მაჩვენებელი 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, სწორედ ამდენით მოიმატებს 70 წლამდე მოქალაქეების პენსია, რაც მომდევნო წელს 370 ლარით განისაზღვრება.
"70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება", - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
პარლამენტს განსახილველად ბიუჯეტი დღეს, 1-ელ ოქტომბერს წარედგინება. დამტკიცებამდე პენსიის მოცულობა შეიძლება გადაიხედოს, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ზრდა 20 ლარზე ნაკლები არ იქნება.
ქვეყნის ბიუჯეტს რამდენიმე წელია სოციალური გასაცემლის ყოველწლიურად ზრდის საშუალება აქვს, რაც ეკონომისტების განცხადებით, ძალიან კარგი შესაძლებლობაა. როგორც ანალიტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა ეს თავისთავად არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან მოსახლეობის მსიყდველობითი უნარი, ფასების ზრდასთან ერთად, ცხადია, მცირდება.
"ჩემი აზრით, პენსიების ზრდის ტემპი ცოტა მაღალი იქნება, ვიდრე ინფლაციაა, რაც დადებითი პროცესია. საერთოდ, ის ფაქტი, რომ პენსიები არ არის გაყინული და ფიქირებული, ეს უდავოდ კარგი.
შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ პენსიის მეტი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში საკმოდ ბევრია ხანდაზმულთა რაოდენობა, რადგან ერის დაბერების პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ, გასარკვევია, ბიუჯეტს რამდენად შეუძლია იმ ტვირთის ზიდვა, რომ პენსიის ოდენობა იყოს მეტი. ის, რომ უფრო სწრაფად ვერ იზრდება, ალბათ საბიუჯეტო შესაძლებლობების ნაკლებობა უშლის ხელს”, - განუცხადა "რეზონანსს” ნოდარ კაპანაძემ.
აქვე საინტერესოა, რატომ არის სხვადასხვა ასაკობრივ კეტოგორიაში თანხის ზრდა განსხვავებული. როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, ეს ბუნებრივია - არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველას 45 ლარით გაიზარდოს პენსია.
"ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვა თანხის მოცულობით პენსიის ზრდა ბუნებრივი ამბავია. სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების რაოდენობა უფრო ნაკლებია და ამ მხრივ შესაძლებელია უფრო მეტად გაზრდა.
ამ გადაწყვეტილებაში იმის სურვილი ჩანს, რომ ყველას მოემატოს პენსია თუნდაც 45 ლარით, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის ამის შესაძლებლობა. უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოში დაახლოებით 900 ათასი პენსიონერია და ყველასთვის 45-ლარიანი მატება, საბოლოო ჯამში, თვეში 40 მილიონ ლარზე მეტს მოიცავს, წლიურად კი თითქმის ნახევარ მილიარდს. ეს თანხა კი ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნება და მომსახურებას ვერ შეძლებენ”, - დასძინა ნოდარ კაპანაძემ.
პენსიის ზრდაზე ისაუბრა აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემაც და ხაზი გაუსვა, რომ ამის შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები იძლევა.
"როგორ შეიძლება დადებითად არ ჩავთვალოთ პენსიის ზრდა, რა რაოდენობითაც არ უნდა იყოს. საქართველომ უზრუნველყო ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება და სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ პენსიების ზრდა ხდება ყოველწლიურად, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის სასიამოვნო ფაქტია.
შეიძლება საკითხი დაისვას, რამდენად საკმარისია და არის თუ არა ევროპული დონე, მაგრამ, ბუნებრივია, ზრდის დინამიკა აშკარად გვაქვს, რასაც უზრუნველყოფს ქვეყნის პროგრესი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
თუ მთავრობის გეგმას გადავხედავთ, უახლოეს პერიოდში, რასაც საერთაშორისო ორგნიზაციები ადასტურებენ, ეკონომიკური ზრდა არის გათვალისიწნებული, რასაც, რა თქმა უნდა, ისევ პენსიების მომატება მოჰყვება”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.