
საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის პარალელურად, 2 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე დებატების გამართვასა და მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მირებას გეგმავს. კონფრონტაციული ტონის პარალელურად კობახიძის ვიზიტი კოპენჰაგენში ექსპერტებისთვის სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს და შეფასებებიც განსხვავებულია.
ბოლო პერიოდში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, ხოლო 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ „ქართული ოცნება" ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
თავად ელჩები და მათი მთავრობები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და „ქართული ოცნების" დეზინფორმაციასა და აგრესიულ რიტორიკას გმობენ.
ვიზიტი კოპენჰაგენში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. შეხვედრა იმ ფონზე ტარდება, როდესაც ევროპულ საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გამოჩენის შემთხვევები გახშირდა და სწორედ ამ ვითარების გამო ფორუმზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.
კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. მასზე ევროპის 47 ქვეყნის პირევლი პირია მიწვეული.
სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება".
საქართველოს პრემიერი კოპენჰაგენში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ ირაკლი კობახიძის კოპენჰაგენის ვიზიტის პარალელურად, 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დებატებს გამართავს და კრიტიკული რეზოლუციის მიღებას გეგმავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დებატები, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში", დღის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.
საქართველოს საკითხის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ასევე გაიმართება შემდეგი დებატები: „სასწრაფო მოწოდება დამანგრეველი ჰუმანიტარული კატასტროფისა და ღაზაში ჟურნალისტების მკვლელობის დასრულებისკენ", „რუსეთი: ახალი საფრთხეები ევროპული დემოკრატიებისთვის", „მონიტორინგის შემდგომი დიალოგი ბულგარეთთან" და სხვა.
რა გზავნილია კობახიძის მიწვევა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, პრემიერი კოპენჰაგენში მიწვევა ადასტურებს, რომ ევროპა საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას აღიარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ პრემიერს ფორუმზე არ მიიწვევდნენ.
„ვფიქრობ, ცალკეულ მიწვევა -არ მიწვევებზე აქცენტის გაკეთება საინტერესო არ არის. რადგან კობახიძე არის მიწვეული ასეთი მაღალი რანგის ფორუმზე, ეს, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ევროპაში საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას აღიარებენ - ვინ მიიწვევდა არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს?! ლოგიკა ხომ ამას ამბობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში სურთ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეული კონტაქტების დამყარება; სურთ გაიგონ, რას ფიქრობენ ისინი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, რა გეგმები აქვთ და ა.შ. შესაბამისად, კობახიძის მიწვევაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
განსხვავებული მოსასრება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს. მისი აზრით, ამ ფორუმზე კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაარწმუნონ საქართველოს პრემიერი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება მის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
„მგონია, რომ ამ შემთხვევაში ევროპელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან კობახიძეს დაარწმუნონ, რომ საქართველოსთვის არაფერ კარგს არ მოიტანს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება. ევროკავშირს გააჩნია კონკრეტული ბერკეტები, რომ აამოქმედოს სანქციები. შესაბამისად, მიზანი არის კრიტიკული შეკითხვების დასმა და დარწმუნება. ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საქართველო არ მიდის სწორი გზით. შესაძლოა, ღონისძიების მონაწილეებს უფრო სურდეთ ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის დე ფაქტო ლიდერის მიწვევა, მაგრამ, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია სახელმწიფო თანამდებობა, იწვევენ კობახიძეს. ასე რომ, აქ მთავრობის ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი", - განაცხადა ჩიტაძემ.
ევროსაბჭოს რეზოლუცია
ანჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს 2 ოქტომბრის სხდომაზეც, სადაც საქართველოზე დებატებია დაგეგმილი. აღნიშნავს, რომ ეს დებატები „მით უმეტეს დიდი სიურპრიზი" არ უნდა იყოს, რადგან ამ სტრუქტურის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ისედაც ცნობილია. ანჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ ამ სხდომას და ფორუმს, რომელშიც კობახიძეა მიწვეული, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს:
„ყველა ევროპული სტრუქტურა მოქმედებს თავისი დღის წესრიგით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც შედგება ევროდეპუტატებისგან, აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობა საქართველოსთან. ვიცით, როგორი დამოკიდებულებაა - ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნებს. შესაბამისად, საქართველოსთან დაკავშირებული დებატების გამართვაც განსაკუთრებით დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს. იქ მოქმედებენ ყველასთვის ნაცნობი ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ამგვარ დებატებს აორგანიზებენ. ხოლო იმ ფორუმზე, სადაც კობახიძეა მიწვეული, სრულიად სხვა სტრუქტურაა - ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს და აზრებს ცვლიან. ასე რომ, მე დიდ ურთიერთკავშირს ამ დებატებსა და კობახიძის ვიზიტს შორის ვერ ვხედავ".
განსხვავებულად ფიქრობს ნიკა ჩიტაძე:
„შესაძლებელია, რომ იმ ფორუმს, სადაც კობახიძეა მიწვეული და ამ სხდომას შორის რაღაც ურთიერთკავშირი იყოს. თუმცა, მოგეხსენებათ, მეორე მხრივ, ევროპის საბჭო სხვა ორგანიზაციაა, ხოლო ეს ფორუმი - სხვა. არ არის გამორიცხული, რომ იყოს გარკვეული დამთხვევა, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ურთიერთკოორდინაცია იყოს ევროპის საბჭოსა და ამ ფორუმის ორგანზიატორებს შორის", - განაცხადა ჩიტაძემ.