თამთა ჩაჩანიძე
01.10.2025

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარე 2012 წლის არჩევნებში პარტიის გამარჯვების 13 წლისთავთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი მთავარ აქცენტებს აკეთებს მმართველობის შედეგებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, შიდა და გარე მტრებზე და მათ მიერ ქვეყნის არევის მცდელობაზე, საგარეო კურსსა და გუნდის შიგნით „მუხანათურ ღალატზე", რაც ანალიტიკოსთა ნაწილისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო.

ოპოზიციამ ეს წერილი უკვე შეაფასა, როგორც „შიშის გამოვლინება" 4 ოქტომბერს დაანონსებული პროტესტის მიმართ.

„მიმართვა" სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება - ის, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს, ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა", - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე.

მთავარი აქცენტები

„ოცნების" დამფუძნებელი წერს, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის „მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია", რომელიც „სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა", რომელიც ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ" და „მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დაიწყეს".

მისი თქმით, ამ დღიდან მოყოლებული „ოცნება" ცდილობს „მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს" მიაღწიოს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს „ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად", თუმცა, ამ გზაზე „უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ".

ივანიშვილი წერს, რომ ყველა სფეროში 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა „კარდინალურად გაუმჯობესებულია" და „ამას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს".

ამბობს, რომ „დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ" და „ფეხის დაცდენის" უფლება არ გვაქვს.

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარის თქმით, ამ 13 წელიწადში „იყო შეცდომებიც", თუმცა არა იმ ხარისხის, რომ „სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა".

„უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება" დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას მათთვის დიდი სარგებლოს მოტანა შეეძლო~, - წერს ბიძინა ივანიშილი.

მისი თქმით, „გარე მტრებს" ქვეყნით შიგნით ჰყავთ „დასაყრდენი აგენტები" ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში, რომლებიც „ერთი შეხედვით დასუსტდნენ", თუმცა, ის ძალები მოქმედებენ, რომლებისთვისაც „არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება".

„არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე", - წერს ივანიშვილი.

მისი თქმით, გასული წლების „ოცნების" მონაპოვრისა და დაცვის კუთხით, „4 ოქტომბერს კიდევ ერთი გამოცდა ველოდება". წერს, რომ „მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ".

ივანიშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ამბობს, რომ „დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ".

რისი თქმა სურს ივანიშვილს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წერილში იკითხება გაფრთხილება საზოგადოების და იმ ადამიანების მისამართით, ვინც პროტეტში მონაწილეობენ.

„ივანიშვილს საზოგადოების დამშვიდება და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება სურს, რათა, თუ მას რაიმე პოლიტიკური რეიტინგი შერჩა, სრულად გამოყენებული იქნას. წერილში გარკვეულწილად გაფრთხილებაა არა მარტო საზოგადოების, არამედ იმ ჯგუფებისაც, რომლებიც პროტესტში მონაწილეობას აპირებენ. იგი ცდილობს ისეთი ილუზია შექმნას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მდგომარეობა სტაბილურია და ა.შ. ამასთანავე როგორღაც გაამართლოს ხელისუფლების მოქმედებები და ღალატი დაარქვას იმას, რასაც კორუფციული სქემების გაშიფვრა მოჰყვა. ივანიშვილის აქ საუბრობს იმაზე, რასაც დღევანდელი პრემიერი და მისი გუნდი შიფრავს - კრიმინალი, ნარკობიზნესი. იმის თქმაც, რომ 4 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ გზავნილებს რამდენად მიიღებს საზოგადოება, სხვა თემაა", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რას უკავშრდება ივანიშვილის ეს გაფრთხილება, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ივანიშვილი იმ ტექსტით არ ლაპარაკობს, რასაც კობახიძე და კალაძე ამბობენ - „თუ ვინმეს ხელი წაუცდებაო", მაგრამ ამბობს, რომ ინსტიტუტები ძლიერია და მიუხედავად იმისა, თუ რა მცდელობა იქნება, არავის მკისცემენ უფლებას, რომ კანონსაწინააღმდეგოდ იმოქმედონ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ გარე ძალებს როგორც უნდა ისე ცვლიან პარტიებს, ხელისუფებას და ა.შ. მემგონი, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ არეულობა იქნება, მონაწილეობა არ მიიღონ".

ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ მისთვის ივანიშვილის წერილიდან ყველაზე თვალშისაცემი „მუხანათური ღალატი" იყო.

„სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა აქცენტს ამოიკითხავს. მე, მაგალითად, დამაინტერესა მოღალატეების ხსენებამ. ასეთმა ეპითეტმა და კონკრეტულმა მითითებამაც მემგონი ივანიშვილთან პირველად გაიჟღერა, თორემ ის, რომ საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, ამის მოწოდება ადრეც ჰქონდა. ერთ-ერთ პირველ არჩევნებზე თქვა, რომ დროა საქართველომ სხვების ინიციატივით მოყვანილ ხელისუფლებებზე უარი თქვას და საკუთარი ხელისუფლება აირჩიოსო - „ვარდების რევოლუცია იგულისხმებოდა", რომელიც ამერიკისა და რუსეთის ხელდასმით განხორციელდა.

„არ ვიცი და ვერ ვიტყვი მუხანათურ ღალატში ვის მოისაზრებს, მაგრამ ალბათ იმ ადამიანებიდან ზოგიერთი, ან ყველა, ვინც ბოლო ხანებში თანამდებობები დატოვა", - განაცხადა საყვარელიძემ.

წერილი და არჩევნები

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ „ოცნებას" საქმე ისე არ აქვს, რომ 4 ოქტომბრის ეშინოდეს.

„ოცნებას" ისე არ აქვს საქმე, რომ რაღაცეების ეშინოდეს. გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაც იმას ვერ ვხედავ, რომ „ოცნება" შიშით კანკალებდეს, თუ რა იქნება 4-ში, მითუმეტეს იმ ფონზე, რა ვითარებაც დღეს ქვეყანაშია და კერძოდ ოპოზიციაშია. ძალიან შეშინებულები და შეშფოთებული არ არიან, თუმცა ეცდებიან, რომ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ჩატარდეს. გააჩნია ოპოზიცია რას მოიმოქმედებს - ზოგი ლაპარაკობს, რომ უბნებზე უნდა ვიყოთ და იქ ჩავშალოთო, ზოგი სხვა რამეს. ოპოზიციაში ქაოსია და ამას „ოცნება" თავის სასარგებლოდ გამოიყენებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია „გადატრიალებას აპირებს", შიშის საფუძველი მართლაც არის, რომ „ოცნებას" 13-წლიანი მოღვაწეობა წყალში გადაეყრება.

„მანჯგალაძე ჭკვიანი კაცია და ალბათ პასუხის ექნება, გადატრიალებასა და მაიდნის მოწყობას თუ აპირებენ, ხელისუფალს უნდა ეშინოდეს თუ არა. რა შიშზეა ლაპარაკი - პიროვნულ შიშზე, თუ იმის შიშზე, რომ აქამდე განვლილი გზა წყალში გადაიყრება და უნდა მოვუფრთხილდეთ.

„ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ სიტყვა „შიში" ბულინგის ინსტრუმენტად გამოიყენონ - „აა, გეშინია? უნდა ეშინოდეს, აბა რა..." თუ შენს გაზრდილ შვილს რამე ემუქრება, არ უნდა გეშინოდეს? ხელისუფლებამ კი 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო ასეთად გაზარდა, რაზედაც ივანიშვილს აქვს ლაპარაკი. საფრთხე რომ ემუქრება, მაგიტომაც გააკეთა განცხადება.

„რაც მთავარია, ოპიზიციონერები და ღამის გამოსვლების მიმდევრები არ მალავენ, რომ 4-ში ხელისუფლების შეცვლას აპირებენ. 4 ოქტომბერს ხელისუფლება კანონიერად ვერ შეიცვლება, რადგან ეს საპარლამენტო არჩევნები არაა, ესე იგი უკანონოდ და ძალისმიერად უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა სერიოზული საფრთხეა, ოღონდ არაა გამორიცხული, რომ ეს განგაში სპეციალურად იყოს ატეხილი, რომ ადამიანები არჩევნებზე არ გავიდნენ. მაშინ ოპოზიციას ბოიკოტი მართლაც გამოუვა. ივანიშვილის მოწოდებას ის ფუნქცია აქვს, რომ დაარწმუნის ადამიანები, რომ ხელისუფლება ამ დღეს პასიურად არ ხვდება", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×