
1-ლი ოქტომბრიდან, 2018 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებებმა დროებით შეაჩერეს მუშაობა. კონგრესში ვერ შედგა კონსესუსი მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტზე, რამაც ეს ე.წ. „შათდაუნი" გამოიწვია. რესპუბლიკელები ამაზე პასუხიმგებლობას დემოკრატებს აკისრებენ, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აანონსებს, რომ უფრო მეტ დემოკრატს დაითხოვს თანამდებობიდან. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, ძენლი სათქმელია.
ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა განცხადება.
„ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.
ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენი სერვისებისა და სამუშაო სტატუსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: travel.state.gov", - წერს საელჩო.
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა, რადგან სენატი ბიუჯეტის კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა. უფრო კონკრეტულად, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სამსახური, დროებით შეჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაპირისპირებები აშშ-ის პოლიტიკაში ხშირია, ხარჯების შესახებ ეს დავა განსაკუთრებით დაძაბულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 სექტემბერს დააანონსა, რომ ე.წ. შათდაუნის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ ფედერალურ მოხელეს გაათავისუფლებს.
„ბევრს დავითხოვ, ისინი დემოკრატები იქნებიან", - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე თეთრი სახლის ვებგვერდზე წამზომი იყო გამოსახული, რომელიც მთავრობის დახურვამდე დროს ითვლიდა. შემდეგ კი ვებგვერდზე დაიწერა, რომ „დემოკრატებმა მთავრობა დახურეს" და „ამერიკელები დემოკრატების ქმედებებს არ ეთანხმებიან".
რატომ დაიხურა აშშ-ის მთავრობა
რესპუბლიკელმა სენატორებმა, რომლებიც სენატის უმრავლესობას წარმოადგენენ და 53 ადგილი უკავიათ, ე.წ. გამაგრძელებელი რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც დამატებითი ინიციატივების გარეშე არსებული ბიუჯეტის დაფინანსების გაგრძელებას გულისხმობს.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო საჭირო იყო, სულ მცირე, 60 ხმა.
რესპუბლიკელები აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, მაგრამ სენატში - ანუ ზედა პალატაში - მათ არ აქვთ საკმარისი 60 ხმა, რაც მათ ხარჯების შესახებ კანონპროექტის მისაღებად სჭირდებათ. ამიტომ ოპოზიციონერ დემოკრატებს გარკვეული ბერკეტები აქვთ.
ორივე მხარე მწვავე დაპირისპირებაშია ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით. დემოკრატებმა უარი თქვეს რესპუბლიკური კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც, მათი თქმით, ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას გაართულებს.
ისინი მოითხოვენ საგადასახადო კრედიტების გახანგრძლივებას, რომლებსაც ვადა გასდის, რაც მილიონობით ამერიკელისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას უფრო იაფს გახდის. დემოკრატები ასევე ეწინააღმდეგებიან სამთავრობო ჯანდაცვის სააგენტოების ხარჯების შემცირებას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი მთავრობის ე.წ. შათდაუნზე პასუხისმგებლობას დემოკრატებს აკისრებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯონსონმა სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი გააკრიტიკა.
„დემოკრატებმა ოფიციალურად მისცეს ხმა მთავრობის დახურვას. შედეგები: დედები და ბავშვები ახლა კარგავენ საკვებს, ვეტერანები კარგავენ ჯანდაცვისა და სუიციდის პრევენციის პროგრამებს, ჯარისკაცები და აგენტები ანაზღაურების გარეშე რჩებიან. ახლა ერთადერთი კითხვაა - რამდენ ხანს გააგრძელებს ჩაკ შუმერი ამ ტკივილს საკუთარი ეგოისტური მოსაზრებების გამო?" - წერს ჯონსონი.
როდის დასრულდება „შათდაუნი"
ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. ბოლოს „შათდაუნი" 2018 წელს მოხდა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით - 35-დღით.
„არსებობს ორი ძირითადი გზა, რომლითაც ეს შეიძლება დასრულდეს - ან რესპუბლიკელები მოლაპარაკებას აწარმოებენ ჯანდაცვის სუბსიდიების გახანგრძლივებაზე, რომელსაც დემოკრატები ითხოვენ, ან დახურვა იმდენად დამანგრეველი გახდება, რომ დემოკრატები უკან დაიხევენ, სულ მცირე დროებით, რათა ყველაფერი აღდგეს", - წერს „სი-ენ-ენი".
საერთო ჯამში, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დახურვა შესაძლოა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე 2018 წელს იყო.
კონგრესის ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, დაახლოებით 750 000 ფედერალურ მუშაკს, სამთავრობო დაწესებულებებში დასაქმებულთა დაახლოებით 40%, არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვენებ.
მთავრობის ყველა უწყება არ დაიხურება. სასაზღვრო დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების, იმიგრაციისა და საბაჟო ორგანოების აგენტები, საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლები, სავარაუდოდ, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა, ჯერჯერობით, ანაზღაურების გარეშე..
წინა „შათდაუნები"
აშშ-ის მთავრობის დახურვა ბოლო 50 წლის განმავლობაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენა გახდა. მხოლოდ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშიის ეს სამჯერ განხორციელდა.
ბოლოს მთავრობის დახურვა 2018 წელს ვიხილეთ, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა იყო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.
კონგრესის ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, 2018-2019 წლების დახურვამ ეკონომიკური წარმოება დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით შეამცირა.
ხანგრძლივობით მეორე „შათდაუნი" დემოკრატი ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, 1995 წელს მოხდა და 21 დღეს გაგრძელდა.
ასევე დემოკრატ ბარაკ ობამას თეთრ სახლში ყოფნის დროს მთავრობის მუშაობა 16 დღით შეჩერა. 1980-ან წლებში, ხოლო რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს კი რვა „შათდაუნი" იყო, თუმცა ყველა შედარებით ხანმოკლე გამოდგა.