
დიდი ცვლილება სამედიცინო ბაზარზე - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ გზით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის რისკი შემცირდება, რასაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეთანხებიან.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარებას. სახელმწიფო მზადაა პროცესი მკაცრად გააკონტროლოს.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ.
ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს" მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე შესაბამის ელექტრონულ მისამართზე შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.
ირკვევა, რომ თავდაპირველად, რეგულაცია შედარებით მსუბუქი უნდა ყოფილიყო. როგორც პარლამენტის დეპუტატმა ლადო კახაძემ "რეზონანსთან" აღნიშნა, კერძო სექტორმა წამლის რეალიზაციის გაზრდის ცდუნებას ვერ გაუძლო, ამიტომ სახელმწიფომ ყველაფერი თავის თავზე აიღო.
"როდესაც სამინისტრომ შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა, წლების გადმოსახედიდან, გამოითქვა შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო, საცალო ვაჭრობის ინტერესში შედიოდა ასეთ წამლებზე რეალიზაციის გაზრდა მოთხოვნა-მიწოდების ფორმულიდან გამომდინარე, რომელიც კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ჩვენს ინტერესში კი შედის ამ ურთულესი გამოწვევის გამოსწორების გზის მოძებნა და ადამიანების დახმარება. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტის გარშემო უნდა შეიკრიბოს ყველა, პირველ რიგში კი, სამედიცინო სექტორი და ა.შ. ეს არის ყველას დიდი სატკივარი, რადგან გვყავს მტერი სახელად ნარკომანია.
ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ყველაფრის ზუსტი ცოდნა. აქ არსებობს ჩანაცვლებითი თერაპია, მკურნალობის ახალი მეთოდები, მსოფლიოში საუკეთესო მაგალითების დანარგვა, სტაციონალური დახმარება და სხვა.
სახელმწიფომ ყველანაირი გზის მოძიება სცადა და ერთ-ერთ იყო ის, რომ მკაცრად რეგლამენტირებული, ინფორმირებული და აღწერილი არ ყოფილიყო და რეცეპტით მომხდარიყო დარეგულირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორის ინტერესი რეალიზაციის გაზრდაა. ჩვენი ინტერესი კი ის არის, რომ რეალიზაცია იყოს ზუსტად მოთხოვნის შესაბამისი და მკურნალობის კუთხით მხარდაჭერილი.
აღმოჩნდა, რომ ცდუნება, წამლის რეალიზაციის რაოდენობის ზრდა, რომელიც აწყობს საცალო სექტორს, მოდიოდა წინააღმდეგობაში ძირითად იდეასთან, რაც ნიშნავს მკაცრად რეგლამენტირებულ მიწოდებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მთლიანად აიღო ეს საკითხი თავის თავზე, რადგან, როგორც გითხარით, სააფთიაქო ბიზნესმა ვერ გაუძლო ცდუნებას, რომელიც დაკავშირებულია მატერიალურ შემოსავალთან”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო კახაძემ.
ცვლილებას მიესალმებიან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და მეტიც, როგორც "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე მიიჩნევს, დაგვიანებულიც კია.
"ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, როდესაც საუბარი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებას უკავშირდება. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ნაკროტიკების გამსაღებლებს აკავებენ და შემზარავია ის რაოდენობა, რაც საქართველოში შემოდის. ქვეყანაში რჩება თუ გადის, ეს კიდევ ცალკე საკითხია. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, რომ ამ საკითხზე აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან მხოლოდ დაპატიმრება არ არის საკმარისი. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომ თავის ხელში აიღოს ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის საკითხი.
სანამ მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამდა, რასაკვირველია მიმდინარეობდა მოკვლევა, დაკვირვებაც და გამოძიებაც. შემოწმება ტარდება დინამიკაში, რაღაც მონაცემის შედარება ხდება დროის ინტერვალით განსხვავებულ მონაცემთან. როდესაც შეამოწმეს, თუ რამდენი ფსიქოტროპული მედიკამენტი გადიოდა ადრე და ახლა, როცა სახელმწიფოს დაქვემდებარებში იქნება რეალიზაცია, აღმოჩნდა, რომ სამჯერ მეტი გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ გაყიდვა თავისუფლად ხდება და კონტროლი სჭირდება.
საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ არ შეიძლება მედიცინის კომერციალიზაცია. როდესაც ამ გზაზე დავდექით, ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა და კიდევ ის პრობლემა, რომელიც დასაძლევია. ჩვენთან დემოგრაფია არის ძალიან ცუდ დღეში. რაში გვჭირდება გალამაზებული ქუჩები და ნაგებობები, თუ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები არ იცხოვრებენ?
პრობლემებიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, რომ სახელმწიფოს ამაზე ყურადღება არ მიექცია და თუ ვინმე უკმაყოფილოა, მისი პირადი ინტერესიდან და ბიზნესიდან იქნება გამოწვეულია, რადგან სხვა ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ცუდი ის გვაქვს, რომ სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა არის კერძო და იქ მთავარი პაციენტის მკურნალობა კი არ არის, არამედ პაციენტების მოზიდვა. ძირითადი გადამხდელი სახელმწიფოა და ჩვენი ფულით ხდება პროგრამების დაფინანსება. ჩვენ იმას უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო გახდეს პასუხისმგებელი, ყველა იმ ხარვეზზე, რაც არსებობს და სამედიცინო სფეროში ფეხმოკიდებულ ბიზნესმენებს არ მოეწონოთ”, - განუცხადა "რეზონანსს” მარინა ბერაძემ.