თამთა ჩაჩანიძე
01.10.2025

თბილისის მერიამ „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე 4 სცენის გამართვაზე უარი უთხრა და მხოლოდ ერთი სცენის გამართვის უფლება მისცა. 4 სცენის გამართვის აუცილებლობას ბურჭულაძე შეკრებაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობით ხსნის. მეორეს მხრივ კი, ეს შეიძლება საპოლიციო ძალების დაქსაქსვის მიზნით კეთდებოდეს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორებს, ბევრი ხალხის შემთხვევაში, 4 სცენა შეიძლება აქციის მონაწილეთა უკეთ კოორდინაციითვის გამოეყენებინათ და მეორეს მხრივ, „პოლიცია იძულებული იქნებოდა, რომ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე დამდგარიყო".

მერიამ ბურჭულაძის განცხადებაც გაასაჯაროვა და მისი პასუხიც. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ განცხადება მერიაში 29 სექტემბერს შევიდა. აპარატურის და სცენების მონტაჟი მოთხოვნილია შემდეგ ლოკაციებზე:

1. თავისუფლების მოედანი (საკრებულოს შენობის წინ);

2. პარლამენტის შენობის წინ:

3. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ:

4. რესპუბლიკის მოედანზე.

მანამდე ბურჭულაძისგან ცნობილი იყო, რომ აქცია 4 საათზე დაიწყება, ხალხის ჩამოყვანა რეგიონებიდანაც იგეგმება და ორგანიზატორებს დაახლოებით 200-300 ათასი კაცის მოლოდინი აქვთ. მისივე თქმით, ეს იქნება არა უბრალოდ აქცია-პროტესტი, არამედ „ეროვნული კრება", რომლის თავმჯდომარე თავად იქნება და ხალხი "ხელის აწევით" გამოხატავს თანხმობას ხელისუფლების გადაბარებაზე, რის მერეც საჯაროდ დასახელდება ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და საღამოს 8 სათისთვის „ხელისუფლების გადაბარება უკვე დასრულებული იქნება".

მერიის განცხადება და ბურჭულაძის პასუხი

„განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

„განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას", - წერია მერიის განცხადებაში.

გარდა ამისა, მერია მიუთითებს, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება".

ამის საპასუხოდ ბურჭულაძე ამბობს, რომ „ვალდებულები არ იყვნენ, რომ ნებართვა მოეთხოვათ".

„ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება. ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ გაფრთხილებთ - თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში", - განაცხადა ბურჭულაძემ მერიის მიერ მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ.

4 სცენის საჭიროება

კითხვაზე, რა საჭიროა ოთხი სცენა სხვადასხვა ლოკაციაზე, შავი ზღვის საერტაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ გვითხრა, რომ, ერთის მხრივ, კოორდინაციისთვისაა საჭირო და მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, რომ მიზანი პოლიციის დეკონცენტრაცია ყოფილიყო.

„ერთი მხრივ შესაძლოა ოთხივე სცენაზე განცხადებები გაკეთებულიყო ორატორებისგან. როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიება, ვინც ოპერასთან დგას, შესაძლოა პარლამენტის წინ მდგარი სცენიდან ვერ გაიგოს. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს ელოდებიან და ურთიერთკოორდინაცია რომ იყოს.

„შესაძლებელია მონიტორებიც დაემონტაჟებინათ და ამით ოთხი სხვადასხვა ადგილიდან ურთიერთკოორდინაცია ყოფილიყო. ამასთან, არ გამოვრიცხავ, პოლიციის კონცენტრაცია მომხდარიყო ოთხს სხვადასხვა ადგილას. გვახსოვს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი ხალხს არბევდა, ძირითადად განთავსებული იყვნენ თავისუფლების მოედნის მიმდებარედ და შემდგომში იწყებდნენ წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გამოყენებას. ახლა პოლიცია იძულებული იქნებოდა, რომ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე დამდგარიყო.

„ერთი სცენით, ვფიქრობ, კოორდინაცია მაინც იქნება. შესაძლოა პოლიციასთან გარკვეული პრობლემები შეიქმნას, მაგრამ სცენების გარეშე შესაძლოა მინიტორიც დამონტაჟდეს. მგონია, რომ ბევრი ადამიანი იქნება დაწყებული რესპუბლიკის მოედნიდან. რეგიონებში ხალხთან შეხვედრები შედგა", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×