
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. ფინანსისტებმა ეროვნული ვალუტის განვილი 30 წელი შეაფასეს და ასევე მის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს.
ფულის რეფორმის და ეროვნული ვალუტის შემოღების ეკონომიკურ საფუძვლებზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, თუმცა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ერთი წლის თავზე გამოცხადდა. ქართული ეროვნული ვალუტის შემოღების პროცესში ჩართული იყო ყველა სამთავრობო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესა, ტელევიზია. ასევე, მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობა, რომელიც ქვეყანას ტექნიკურ დახმარებიას უწევდა ამ პროცესში.
ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ ეროვნული ვალუტის განვლილი 30 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ლარმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც ეროვნულმა ვალუტამ უნდა შეასრულოს და მას ენდობიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც კი.
"მოგეხსენებათ, მანამდე მიმოქცევაში იყო კუპონი, რომელიც სუროგატული ვალუტა იყო და გვახსოვს ფასები როგორ კატასტრუფულად იცვლებოდა, თვითონ კუპონის როგორც უფასურდებოდა. კუპონი, წესით, უნდა ყოფილიყო ლარის შემოღების წინა ეტაპი, თუმცა, სამწუხაროდ, მან ეს ფუნქცია ვერ შეასრულა. მაშინ, კუპონი არათუ ყოველდღიურად უფასურდებოდა, არამედ ხდებოდა ბაზარზე არსებული სასაქონლო წონასწორობის ცვლილება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აუცილებლობა დადგა, რომ მომხდარიყო კუპონის სასწრაფოდ ჩანაცვლება სრულყოფილი ვალუტით და 1994 წლიდან დაიწყო ამაზე მუშაობა. ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა მოსახლეობაში, რომ ქვეყანას ექნებოდა ეროვნული ვალუტა, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელი ატრიბუტია. იყო რისკიც იმისა, რომ შესაძლოა ლარს სრულყოფილი ვალუტის ფუნქცია ვერ შეესრულებინა, რადგან კუპონმა ეს რისკი საკმაოდ მაღალ დონეზე ასწია.
საბედნიეროდ, ლარმა არ გაიზიარა კუპონის ბედი და უფრო მეტიც, თავიდანვე საკმაოდ დადებითი მოლოდინი წარმოიქმნა მის მიმართ. მოსახლეობაში იმედი მართლაც ძალიან დიდი იყო და კარგია, რომ ეს გამართლდა. დღეს 30 წლის შემდეგ კვლავ გვაქვს ვალუტა, რომელიც არის სტაბილური, არ ახასიათებს რაიმე მკვეთრი რყევა და ასახავს ეკონომიკურ მატრიცას. როდესაც გვაქვს დაბალი ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს მყოფი, ეს არის სწორედ ლარისადმი მაღალი დნობის დამხასურება.
ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ლარიზაცია გაძლიერდა, რაც იყო ეროვნული იდენტობის, ერთ-ერთი მახასიათებელი ელემენტი. იყო დრო, როდესაც დოლარიზაცია იყო დაახლოებით 82%, რაც რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა დეპოზიტების დიდ ნაწილს ლარში არ ინახავდა. დღეს კი, ლარიზაცია 50%-ზე მაღალია, დაახლოებით, 52%, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.
სწორედ ეს ნდობა განსაზღვარვს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს მკვეთრი სავალუტო რყევა. ბოლო წლებში ერთადერთი შარშანელი წელი იყო, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდეგაც, ოპოზიციის გამოსვლების შედეგად მოხდა გარკვეული ნეგატიური მოლოდინის პროვოცირება და მაშინ ლარმა განიცადა რყევა და სებ-ს გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საკმაოდ დიდი ინტერვენციებას გაღება დასჭირდა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ხალხი, ვისაც ლარის შემოღებასა და მიმოქცევაში გასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის. დიდი მადლობა უნდა ეთქვას მაშინდელ ეროვნულ ბანკს, ნოდარ ჯავახიშვილს, მერაბ კაკულიას. ასევე, სამთავრობო გუნდს, თემურ ბასილიას, ლადო პაპავას, იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრს დავით იაკობიძეს. ამ ხალხმა ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია ძალიან მაღალ დონეზე შეასრულეს. ლარის და ფულის რეფორმის ავტორობას ზოგიერთი ტყუილად იბრალებს, ვგულისხმობ რომან გოცირიძეს, რომელიც არის კუპონის ავტორი. იგი 1993 წლის ბოლო აღარ იყო სამთავრობო ფუნდის წევრი და ლარი, როგორც ვალუტა, 1995 წლიდან შემოვიდა და მას ხელმძღვანელობდა ის ხალხი, რომელიც ზევით ჩამოვთვალე”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.
ლარის 30 წლის იუბილეს გამოეხმაურა ფინანსისტი თემურ ბასილია და აღნიშნა, რომ 30 წლის წინანდელი ფულის რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით
"ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ განსაკუთრებული რამ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ყველა მონდომებული იყო ეს რეფორმა წარმატებით ჩატარებულიყო. თითოეული ადამიანი ვალდებულად და პატივად თვლიდა, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნისა და ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. სწორედ, ეს ერთიანობა გახლდათ ის მნიშვნელოვანი წინაპირობა რამაც შესაძლებელი გახადა უნიკალური რეფორმის წარმატებით განხორციელება.
ფულის რეფორმის შედეგად ქართული ლარი გახდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, იქაც კი ქართული ლარი მოქმედებდა.
სწორედ, ამ რეფორმის შემდეგ, საზოგადოებაში განმტკიცდა აზრი, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისითაც”, - აღნიშნა თემურ ბასილიამ.