
ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან რევოლუციამდე" ორი დღე რჩება. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ მშვიდობიანი იქნება და კანონს არ დაარღვევენ. 4 ოქტომბრის აქციაზე თავად ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვაობაა - ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ „ახლა დადგმულ სცენარს ვუყურებთ", ხოლო მმართველ გუნდში იფიცებიან, რომ ვინც დესტაბილიზაციას ეცდება, მკაცრად დაისჯება.
შოუ უკვე ფინალს უახლოვდება - 4 ოქტომბერს გაირკვევა, ოპოზიციის რამდენიმეთვიანი მუქარა როგორ დასრულდება. „ნაციონალური მოძრაობა" ვარდების რევოლუციის განმეორებას იმედოვნებს და ამტკიცებს, რომ რეჟიმს „მშვიდობიანად დაამხობს".
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 4 ოქტომბერი არის „ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა".
„მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს: მეგობრებო, ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ. 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა. ამიტომ, გთხოვთ მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე! თავისუფლება ან ახლა ან არასდროს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ოპოზიციონერების ნაწილი კი აქცენტს ქუჩის პროტესტის გაგრძელებაზე აკეთებს, მათ რიტორიკაში ჩანს, რომ გეგმის სირულეში მოყვანის დღედ მხოლოდ 4 ოქტომბერს არ მოიაზრებენ.
„მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ რეჟიმის დამთავრების რიცხვი და საათი გითხრათ, მაგრამ ის ქუჩის პროტესტით დასრულდება, მათ შორის, 4 ოქტომბერს გასვლით - მშვიდობიანი რევოლუცია არა მხოლოდ არსებობს, ის ვალდებულებაა," - განაცხადა კოალიცია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო ახლა ციხეშია.
„ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს"
პარტია „საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია 4 ოქტომბრის აქციას განსხვავებულად უყურებს. მისი თქმით, შესაძლოა ისეთი სცენარი გათამაშდეს, როდესაც დამხობისა და გადატრიალების მოწოდებებით მოხდება მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, რაც საბოლოოდ „ოცნების" ლეგიტიმაციას ხელს შეუწყობს.
„ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების" ყველაზე მიუღებელი სახეები. ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ისეთი სცენარი, როდესაც ამ დამხობის მოწოდებით, გადატრიალების მოწოდებით, ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით სამშვიდობო პროტესტების თავზე და ლიდერებად წარმოჩენით, მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს - ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების" ლეგიტიმაციას და ავტორიტარიზმის დამძიმებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციის" თარიღი „ოცნების" კულუარებში გაჩნდა.
გახარიასთან კოალიციაში მყოფი „ლელო - ძლიერი საქართველო" კი დილით არჩევნებზე წასვლას აპირებს, საღმოს კი აქციაზე.
"გირჩის" დამფუძნებელი იაგო ხვიჩია კი აქციას სკეპტიკურად უყურებს:
„4-ში რომ არაფერი არ მოხდება, მაგ დღეს ხომ მოგთხოვენ პასუხს. იმისთვის, რომ პასუხი მანამდე არ მოგთხოვონ, გასაქცევად და დასამალად იდეალური ადგილი არის ციხე და ზოგჯერ, ციხეში ყოფნა ყველაზე უსაფრთხოა, გააჩნია როგორ იქცევი. მგონია, რომ ასე არის ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსების თუ პოლიტპატიმრებისთვის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რას ამბობენ „ოცნებაში"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი ლაივში" ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციაზე ისაუბრა.
„ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში. ამის გაკეთებას არავის ვურჩევ. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე, გაფიქრებასაც არ ვურჩევ, რადგან ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ და არ მგონია, ეს პასუხი, სამართლებრივი რეაგირება რომელიმე მათგანს მოეწონოს. რამის გაპროტესტება თუ უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ, ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი რჩევა. არჩევნებსაც ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული, უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.