მარიამ ვეკუა
02.10.2025

აშშ უკრაინას მიაწვდის სადაზვერვო მონაცემებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. რა უპირატესობას მიიღებს უკრაინა და რას კარგავს რუსეთი?

ვაშინგტონი დიდი ხანია კიევს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს, თუმცა „უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, რომ უკრაინისთვის ახლა უფრო ადვილი იქნება წვდომა ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მილსადენები და ელექტროსადგურები. კრემლისთვის ნავთობი ხომ ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვან რესუსრსს წარმოადგენს.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ასეთი დახმარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები საშუალებას მისცემს უკრაინას დისტანციურად, უსაფრთხოდ და ზუსტად დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც შეამცირებს მოწინააღმდეგის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და დაასუსტებს მის სამხედრო ძალებს.

„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ნატოს მოკავშირეებსაც მსგავსი მხარდაჭერის გაწევას სთხოვს", - წერს „როიტერზი". ეს ნაბიჯი წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ტრამპი ხელს აწერს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიმართ რიტორიკა გაამკაცრა.

ტომაჰავკები

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც შეერთებული შტატები უკრაინის მოთხოვნას განხილავს, რომელიც „ტომაჰავკების" რაკეტების შეძენას გულისხმობს. რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია.

„როიტერზი" წერს,რომ დამატებითი სადაზვერვო ინფორმაციის დამტკიცება ცოტა უფრო ადრე მოხდა, სანამ ტრამპი გასულ კვირას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებდა პოსტს, სადაც აშშ-ს პრეზიდნეტი აცხადებს, რომ უკრაინას ყველა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია.

„მას შემდეგ, რაც ვნახეთ ეკონომიკური პრობლემები (ომი) რუსეთისთვის, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა," - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გასულ სამშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება.

ენერგეტიკული შემოსავალი კრემლისთვის საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად ნაღდი ფულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება, რაც ნავთობისა და გაზის ექსპორტს დასავლეთის სანქციების ცენტრალურ სამიზნედ აქცევს.

გარდა ამისა, აშშ ცდილობს, რომ „აზრი იმ ქვეყნებსაც შეაცვლევინოს", რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მანამდე ინდოეთის იმპორტზე დამატებითი ტარიფები დააწესა, რათა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები შეემცირებინა.

ოთხშაბათს, „დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სამიზნეები კი ის ქვეყნები იქნებიან, რომლებიც რუსული ნავთობის შესყიდვების ზრდას აგრძელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×