რეზონანსი
02.10.2025

ოპოზიციონერები ამჯერად უკვე „რეჟიმის მშვიდობიან დამხობას" (უკეთეს შემთხვევაში, მორიგ „ფერად რევოლუციას", ხოლო უარესში „მაიდანს") გეგმავენ. ამდენად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადობისთვის შემეხსენებინა, რომ ევროპულ სამართლებრივ სივრცეში „აჯანყების (რევოლუციის, დამხობის) უფლება" არ არსებობს და ეს „ნოვაცია" გარე ძალების ინტერესებში მოქმედი ჩვენი „ტელეპოლიტიკოსების" ე.წ. რევოლუციური თვითშემოქმედების ნაყოფია (ლენინიც აღიარებდა, „რევოლუცია - კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებააო!"), რომლის პრაქტიკაში განხორციელება ქართულ სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიით არა მარტო მეზობელი სახელწიფოები არიან დაინტერესებული, როგორც ჩანს, „ვიღაც მესამეებს" ხელს აძლევთ ქართველების მორიგი დაპირისპირება, რითაც საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საშუალება ეძლევათ.

ფაქტია, 70-წლიანი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმისაგან თავდაღწეულებმა, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ჯერ იყო, 90%-ით არჩეულ „ეროვნულ ხელისუფლებას" არ ვაცალეთ წელიწადი და „სახალხო-დემოკრატიული აჯანყების" გზით დავამხეთ, ხოლო „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, „გამარჯვებულმა ხალხმა სახელმწიფო სიმბოლოებიც, ფაქტობრივად, რეავოლუცის ბელადის „ხუშტურით" შევცვალეთ და ისევ დავკარგეთ ტერიტორიები. (ფაქტობრივად, მეზობელმა სახელმწიფოებმა გადაინაწილეს). არადა, 2003 წელს შევარდნაძის გარდა, სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ივანოვი) დაეხმარა „მიშა მაგარიას" გაპრეზიდენტებაში და ასლან აბაშიძეც „განარიდა" აჭარას.

ფაქტია ისიც, რომ „ნაცმოძრაობისთვის" ხელისუფლების გადაბარებით მოქკავშირმა თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის დათმობისთვის, ხოლო ამერიკელებმა, ტრადიციულად, მხოლოდ დაგმეს აგრესორის მოქმედება, თუმცა ოკუპაციის დღეებშიც კი არავინ გაუყვანიათ საელჩოდან. არადა, ოეკენისგაღმელ პარტნიორებს ჯერ კიდევ 1918 წელს ჰქონიათ გეგმა, ამიერკავკასიაში მხოლოდ ორი სახელმწიფო დარჩენილიყო (თურქეთი და სომხეთი), ხოლო „მალოროსიის" ტერიტორიაზე ებრაელები დასახლებულიყვნენ...

როგორც ჩანს, სწორედ ამ გეგმის რეალიზაციისთვის მიმდინარეობს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაც", რომლის შედეგად პუტინი და ზელენსკი უკრაინელებისგან ათავისუფლებენ ევროპის ცენტრში არსებულ ტერიტორიას, რომლის „აღორძინებაში" ოლიგარქიული კლანების მფლობელობაში არსებული ამერიკული ე.წ. ტრანსნაციონალური კორპორაციები აპირებენ „ინვესტირებას". ამასთან, თუ უკრაინაში ომის გახანგრძლივებით იარაღის მწარმოებლებიც არიან დაინტერესებული, ქვეყნის დაშლას მეზობელი სახელმწიფოებიც ელოდებიან, რომლებსაც წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიის მიმატებას ლამობენ.

სამწუხაროდ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც მოქალაქეების რაოდენობაც და შობადობაც, ფაქტობრივად, განახევრდა, ხოლო სოფლები მშვიდობიან პერიოდშიც იცლება, ვინაიდან გლეხების ნაწილი ევროპაში, ხოლო ნაწილი დედაქალაქში ეძებს საარსებო წყაროს. არადა, ქართული მიწა უცხოელებზე 1996 წლიდან სწორედ მსოფლიო ბანკის რჩევით იყიდება (უკრაინაში 2021-დან), რამაც დემოგრაფიული კატასტროფამდე მიგვიყვანა.

დიდი ხანია აღმოსავლეთ სლავების (რუსები, ბელორუსები, უკრაინელები) კონფედერაციის, ფაქტობრივად კი ახალი „სსრკ"-ს („სუვერენულ სლავურ სახელმწიფოთა კავშირი") თაობაზე მიდის ლაპარაკი. ე.წ. ანგლო-საქსური კავშირის ფორმირების თაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია, ხოლო ერდოღანი აჭარას ლექსებს უძღვნის და საბჭოთა კავშირის ყოფილ შუა აზიურ რესპუბლიკებს ერთიანად „თურქეთისტანად" მოიხსენიებს...

ვხედავ, რომ რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის მესვეურებმა გამოძებნეს საერთო ენა და იმის თაობაზეც მსმენია, რომ „სტრატეგიულ პარტნიორებთან" ერთად, საქართველოს მომავლის თაობაზე რამდენიმე ვერსიას გაიხილავენ:

ა) საქართველოს იუგოსლავიასავით დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი აჭარა და „ბორჩალო" ნატოს წევრები გახდებიან. შესაბამისად, საკუთარ ტერიტორიებზე სამხედროს ბაზებს (ფაქტობრივად, თურქულს) განათავსებენ;

ბ) რუსები და თურქები საქართველოს ტერიტორიის ძირითად ნაწილს გადაინაწილებენ (საზღვრების მიმდებარედ), ხოლო თბილისი და მისი შემოგარენი (ქართლი) დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოდ („ხუთჯვრიან მეორე იერუსალიმად"...) ჩამოყალიბდება, რომელიც ევრაზიული სივრცის უმსხვილეს გასართოდ და საბანკო-ფინანსურ (დუბაის ან სინგაპურის მსგავს) ცენტრად იქცევა;

გ) საქართველოს (აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად) რუსეთის ფედერაციაში ან აღმოსავლეთ სლავების (რუსეთ-ბელარუს-უკრაინის) კონფედერაციაში „გააწევრიანებენ" იმ პირობით, თუ როდესმე გამოყოფას გადაწყვეტს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაემშვიდობება, ვინაიდან მათი დამოუკიდებლობას აღიარება მოუწევს;

დ) მორიგ „რევოლუციასთან" დაკავშირებული სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში, რუსი და თურქი (შესაძლოა, აზერბაიჯანელი და სომეხი) „მშვიდობისმყოფელები" საქართველოს სრულად ოკუპაციას მოახდენენ იმ პირობით, რომ ჩინელების ინტერესებს დაიცავენ და მათ ტვირთებს უპრობლემოდ გაატარებენ.

გამოდის, რომ რეალური არჩევანი „ომსა და მშვიდობას" შორის კი აღარ გვაქვს, არამედ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ, თუ ერეკლე მეორის მსგავსად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას არ შევეცდებით. არადა, არც „ექვსთა კავშირის" ფორმატში გამართულ შეხვედრებში ვიღებთ მონაწილეობას და არც „ბრიკსთან" ვაპირებთ თანამშრომლობას, ვინაიდან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მხოლოდ ეცროკავშირსა და ნატოს ანიჭებენ პრიორიტეტს, თუმცა ვთვლი, რომ „რუსული კანონის" (ნამდვილად არ არის რუსული) ინიცირებაც და მისი გასაპროტესტებლად ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანაც, ძირითადად რუსეთს აძლევს ხელს.

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საკმარისად ჰყავს მხარდამჭერები (საჯარო მოსამსახურეები, რუსეთში დასაქმებულების ოჯახის წევრები, წინა ხელისუფლების მიერ გამწარებულები...), ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „სტატეგიული პარტნიორების" თვალში პრორუსულ და ანტიდემოკრატიულ ძალად წარმოჩენილიყო, რაც გასაგები ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების" მესვეურებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიდნენ პოლიტიკაში...

მიმაჩნია, თუ „ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულით ჩანაცვლების" მიზნით დაწყებული მასობრივი არეულობის პასუხად, მეზობელი ქვეყნები საზღვრებს თუნდაც ქართლამდე გადმოწევენ ან საქართველოს ტერიტორიის სრულად ოკუპაციას განახორციელებენ (ცხადია, თანამემამულეების დასაცავად მოგვევლიმებიან „მშვიდობისმყოფელებად...), „სტრატეგიული პარტნიორებიც" და ევროპელი მეგობრებიც ისევ „შეშფოთდებიან ან/და აღშფოთდებიან" (შეიძლება, მოხდარის გამო „ღრმა მწუხარებაც გამოხატონ"), მაგრამ ნამდვილად აღარაფერი გვეშველება.

სხვებზე არანაკლებად მინდა, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ, როდესაც არც გეოგრაფიული მდებარეობა, არც პოლიტიკური რეალობა და სამართლებრივი კულტურა ამის საშუალებას არ იძლევა, ხოლო მეზობლებად რუსეთი და თურქეთი მყავს, პირველ რიგში, მათთან ურთიერთობის დალაგება მირჩევნია, რომ საქართველომ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი მაინც შეინარჩუნოს. მით უმეტეს, ისიც ფაქტია, კონსტიტუციაც და საარჩევნო კოდექსიც რამდენჯერმე შევცვალეთ, მაგრამ ე. წ. ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი არჩევნების ჩატარება დღემდე ვერ ვისწავლეთ. ამასთან, მესამედი საუკუნის განმავლობაში ვერც დამოუკიდებელი სასამართლო შევქმენით და მეზობელ სახელმწიფობთანაც კი არც გვაქვს საზღვარი მკაფიოდ გამიჯნული...

იმასაც ვაღიარებ, რომ „პროევროპელი" ახალგაზრდებისგან (ზრდასრულებისგანაც) განსხვავებით, ძალიან მეშინია, ქართველების მორიგი „პოლარიზაციის" გამოყენებით, არა მარტო ტერიტორიის მორიგი ნაწილი, არამედ სახელმწიფოებრიობა არ დავკარგოთ. მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე კი, არ არის გამორიცხული, მორიგი „მშვიდობიანი დამხობის" („რევოლუციის") შედეგად, საქართველოს მართლაც მხოლოდ „ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო" შემორჩეს და ისიც არასრულად,.

სწორედ ამის გამო ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, აგრეთვე მათ მხარდამჭერებს ემოციების დაოკება და საქართველოში ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად გაერთიანება მინდა ვთხოვო, ხოლო პროტესტი მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა გამოვხატოთ. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვასა და დანაშაულს („რევოლუციას, აჯანყებას, დამხობას") შორის.

 

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×