რეზონანსი
02.10.2025

საქართველო ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ საფრანგეთის ინიციატივას შეუერთდა, რომლის დეკლარაციასაც ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×