
ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრის მოახლოების გამო კერძო სექტორი რაიმე საფრხეს ვერ გრძნობს. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა არჩევნებამდე 1 დღით ადრე და რა მოლოდინი აქვთ ბიზნესმენებს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი. წელს, შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული მოცმეულობაა და ქვეყანში მოვლენები მშვიდად ვითარდება. შარშან არჩევნებამდე და მას შემდეგაც, პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული იყო, რის გამოც გარკვეული პრობლემები ეკონომიკასაც შეექმნა და ბიზნესის მოლოდინიც შედარებით ნეგატიური იყო.
რა ვითარებაა ახლა, როგორი მოლოდინი აქვს ბიზნესს - არჩევნების მოახლოების გამო ხომ არ გრძნობს რაიმე საფრთხეს და ხომ არ ხედავს კერძო სექტორი გარკვეულ რისკს?
ამ კითხვების პასუხად მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ ვითარება სრულიად სტაბილურია და მდგომარეობა არ არის გაუარესებული.
"არაფერი აბსოლუტურად. კარგი იქნება, თუ თვითმმართველობის არჩევნებს ისეთი დასასრული ექნება, რომ სიტუაცია საბოლოოდ დაწყნარდეს, რადგან სტაბილურ ქვეყანაში მუშაობა მდგომარეობას ყველა მიმართულებით უფრო წარმატებულს გახდის.
მე პირადად, განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. არჩევნებში საერთოდ არ ვერევი და ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებულები არ ვართ და შიდა მოხმარების პროდუქტს ვაწარმოებთ, შესაბამიასად, რაიმე ისეთი შეხება და მკვეთრი ცვლილებები არ გვქონია”, - განუცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "რეზონანსს”.
როგორც ზევით ავღნიშნეთ, არჩევებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მაშინ კერძო მეწარმეების მხრიდან ითქვა, რომ ბიზნესი რაიმე საფრთხეს ვერ გრძნობდა. როგორც ირკვევა, არჩევნებამდე 1 დღით ადრე ახლაც იგივე მოცემულობაა. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების წინ გარკვეული პაუზა შეინიშნება, თუმცა კერძო სექტორი რაიმე პრობლემებს ვერ ხედავს.
"საერთოდ, ყოველი არჩევნების წინ, კერძო სექტორის მხრიდან, ხდება რაღაც გადაწყვეტილებების შეჩერება, რადგან მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა ახლა რაიმე კრიტიკული მდგომარეობა რომ იყოს, ამას ვერ ვიტყვი. ასეთი მოცმეულობა ნამდვილად არ გვაქვს. უძრავი ქონების რეალიზაციაში შეინიშნება ცოტათი შენელება, მყიდველები ფიქრობენ და აკვირდებიან სიტუაციას.
2024 წელსთან შედარებით მდგომარეობა ნამდვილად განსხვავებულია. შარშან ნოემბერ-დეკემბერში რა ვითარებაც იყო, ახლა იმასთან შედარებით გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ იგივე არ განმეორდეს. პოლიტიკა პოლიტიკაა, ბინზესი ბიზნესია - კერძო სექტორს სტაბილურობა და სიმშვიდე სჭირდება, ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენთანაც იგივეა”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ ჭელიძემ.
არჩევნების მოახლოების ფონზე, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება არ შეფერხებულა და რაიმე მიმართულებით უკუსვლა არ შეინიშნება. ერთადერთი, რა კუთხითაც ცვლილებებია, ეს ინფლაციაა, რისი ზრდაც თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე ბიზნესგარემოში, არჩევნების გამო, საფრთხე არ იკვეთება.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგომი პერიოდი სტაბილური იქნება.
"თვითმმართველობის არჩევნებთან და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებაა. საერთოდ, ბიზნესისთვის ეს შემაწუხებელია, რადგან კერძო სექტორს ყოველთვის უყვარს სტაბილურობა და სიმშვიდე.
იმედია, რომ სტაბილურად ჩაივლის არჩევნების პერიოდი. კონკრეტულად ჩვენს სექტორზე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ აბსოლუტურად სტაბილურად ვმუშაობთ, ხორბლის და ფქვილის მარაგი არის ქვეყანაში.
ზოგადად გვინდა, რომ საქართველოში ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყოს კონსესუსი. უპირველეს ყოველისა იმაზე, რომ ევროპული ვექტორი ყველანაირად შენარჩუნდეს. ჩვენი, ბიზნესის, სურვილია, რომ რყევა არ იყოს ქვეყანაში და როგორღაც საერთო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული იქნას ერთიანი ხედვა. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განვითარება იყოს უფრო ცივილიზეცული სამყაროსაკენ, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ "რეზონანსთან” საუბრისას.