
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კოპენჰაგენში ვიზიტი შეაჯამა, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კოპენჰაგენში არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა ურთიერთობის გადახედვასა და დისკუსიის გახსნაზე ყველა იმ თემაზე, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.
„დავასრულეთ ვიზიტი, საინტერესო ფორმატია, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები. შეხვედრა მქონდა უშუალოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე გამოსვლა მქონდა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ და დაკავშირებადობის საკითხებზე ვისაუბრეთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ალბათ 30-ზე მეტ ლიდერთან მქონდა უშუალოდ გასაუბრების საშუალება. ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივაზე. საინტერესოა, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემაზე, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. ეს ძალიან კარგი იმპულსების მომცემია. დანარჩენს დაველოდოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრული მზაობა გამოვთქვით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის უპირობო და აუცილებელი, რათა გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, თუმცა მათი მხრიდანაც იყო ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი დახურული კომუნიკაციაა და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა კარგია, რომ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, გავხსნათ ჯანსაღი დისკუსია ევროკავშირის სტრუქტურებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.