რეზონანსი
02.10.2025

საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ედიტე ესტრელამ რეზოლუციის სახელწოდებით, „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ვითარება გაუარესდა და ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული დიალოგითა და თანამშრომლობით.

„საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც სადავო არჩევნებით, დემოკრატიული უკუსვლითა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებით არის გამოწვეული.

რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, ეხება კრიზისს, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. საქართველოში შექმნილი ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შესაბამისად, ამ რეზოლუციაში აღნიშნულია ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ჩვენი ბოლო დებატების შემდეგ მოხდა. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, რომ რეკომენდაციების მიუხედავად არანაირი პროგრესი არ მომხდარა. პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გაიზარდა.

ჩვენი განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ვითარება გაუარესდა. ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული დიალოგითა და თანამშრომლობით.

მათ ვენეციის კომისიასთან და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ხმები ჩაახშო, დააკავა ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოებას შემზღუდველი კანონებით ძირი გამოუთხარა“, - განაცხადა ედიტე ესტრელამ.

მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები დემოკრატიის მიმართ ერთგული მთავრობის ზომებს არ წარმოადგენს, არამედ იმის, რომელსაც კრიტიკული აზრის ჩახშობა სურს“.

„ყველაზე საგანგაშო ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური გამოძიების მიზეზით აკრძალვის განზრახვაა. აღნიშნული პოლიტიკურ პლურალიზმს გაანადგურებს და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს. ეს ქმედებები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან შეუთავსებელია. დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ევროკავშირმა და სხვებმა შეშფოთება გამოთქვეს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ფუნდამენტური თავისუფლებები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობა აღადგინოს. დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ საერთო ღირებულებების პატივისცემაზე დაყრდნობით. ამ რეზოლუციის მიღებით არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ესტრელამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×