თამთა ჩაჩანიძე
02.10.2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა საქართველოში" 77-დან მხარი 68 დელეგატმა დაუჭირა, 2-მა თავი შეიკავა 7 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრამდე დებატები გაიმართა საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რეზოლუციაზე.

კენჭისყრამდე გაიმართა დებატები. „გართიანებული ევროპელი მემარცხენეების" წევრმა, ბერდან ოზთურქმა განაცხადა, რომ თამიმდევრულობაა საჭირო, რადგან „სხვა წევრი სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა არ ყოფილა კრიტიკული. შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს და პოლიტიკურად მოტივირებულობის რისკებს ქმნის".

დიდი ბრიტანეთის დელეგატმა პერონ მუნმა კი განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიის ფანჯრები იხურება და დრო სწრაფად იწურება.

„მაშინ, როდესაც საქართველოზე პუტინის გავლენა ძლიერდება და სამოქალაქო საზოგადოება უარესდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს ღრმა შეშფოთებას, რომ დრო სწრაფად იწურება. საქართველოს დემოკრატიის ფანჯრები იხურება. და გთხოვთ, საბოლოოდ განიხილოთ ეს კითხვა - თუ პუტინს მხოლოდ 12 თვე დასჭირდა საქართველოს დემოკრატიის დღევანდელ მდგომარეობამდე დასაყვანად, რა მდგომარეობაში იქნება ის 12 თვეში?" - განაცხადა მუნმა.

მანამდე „ოცნებაში" საქართველოზე ასამბლიის რეზოლუციის პროექტი შეაფასეს, როგორც „ტყუილებით სავსე" დოკუმენტი. მმართველი პარტია „ცივ წყალს" სთავაზობს პროექტის ავტორებს და მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროსაბჭოს ინსტიტუტებს საკუთარი პოლიტიკური ინტერსებისთვის იყენებს.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია განგაშის ზარი უნდა იყოს, რადგან ეს არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.

მმართველ პარტიაში დასძენენ, რომ ასამბლეაში„დიფ სტეიტის" განსაკუთრებული გავლენა იგრძნობა, რეზოლუციას კი „ფურცლის ფასიც არ აქვს".

რეზოლუციის წარმდგენები არიან: საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ედიტ ესტრელა (პორტუგალია - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა - ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი).

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. იგი ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გამრავლდა".

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე. „ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა წუხს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ. ამ მხრივ, ის ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა", - წერია რეზოლუციაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს ჩახშობა ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს და აღრმავებს მის დემოკრატიულ უკუსვლას.

ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება საეჭვო და სავარაუდოდ შეთითხნილი ბრალდებებით მომიტინგეებისთვის გამოტანილ ხანგრძლივ პატიმრობას.

„ასამბლეა მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია საქართველოში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით, საკამათო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის აღსრულების მიზნით, რაც ხელს უშლის მათ სათანადო ფუნქციონირებას.

ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლების საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე და გმობს მის დასკვნას.

„ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია და კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, რათა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვლა და უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მიერ წევრობის ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების შესრულება.

„დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნად, ასამბლეა მხარს უჭერს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) მომხსენებლები საქართველოს საკითხზე რაც შეიძლება მალე ეწვიონ ქვეყანას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×