
საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
კუპრავას გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook"-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.
ასევე, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1-ელ ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია.
საგამოძიებო უწყების ცნობით, კუპრავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.