
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის სანქცირებული, წერილს ავრცელებს. ვასაძე წერს, რომ აღნიშნული წერილი "კონსერვატორ ბრიტანელ მეგობრებს" 20 სექტემბერს გაუგზავნა.
ვასაძე წერილში აღნიშნავს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისი ბანკმა“ დაბლოკა მისი და მისი ცოლის ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. ასევე, მისი სრულწლოვანი შვილების, დის და დედის ანგარიშები.
"ფაქტები გუშინ, 2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის (www.gov.uk) საშუალებით ჩემს მიმართ გამოაცხადა სანქციები შემდეგი მცდარი ფორმულირებით: "ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე გახდა სამიზნე იმის გამო, რომ საკუთარი მედია-პლატფორმებით პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს.“ ქვემოთ დავამტკიცებ, რომ ამ ფორმულირებაში თითოეული განცხადება მცდარია. მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი "პრორუსული დეზინფორმაცია“.
ამ განცხადების გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც (მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ "ბოლშევიკები“ და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ).
კერძოდ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა "თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 78 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.
მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა - "საქართველოს ბანკმა“ - მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, "თიბისისთან“ ერთად, "საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს - მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.
ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება.
ამ ქმედებებით, ყველა ეს ქართული ბანკი არღვევს სუვერენული ქვეყნის კანონდებლობას: საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ "საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრინციპზე დაყრდნობით, 2023 წლიდან შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ანალოგიური გადაწყვეტილება ეხება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლის წილს ან აქციას ფლობენ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეები.
მე არასოდეს მჭერია და არც ამჟამადაც ვიკავებ არავითარ თანამდებობას ხელისუფლებაში; არ ვეკუთვნოდი და არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას. და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი საზოგადო მოღვაწე, არ ვარ პოლიტიკოსი.
მართალია, რომ 2021 წლის მაისში ვცადე პოლიტიკაში შესვლა: დავაფუძნე საზოგადოებრივი მოძრაობა "ერი“, რომელიც მომავალში პარტიად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, უეცრად დამემართა მძიმე და სასიკვდილო დაავადება - სისხლის კიბოს ფორმა "მრავალჯერადი მიელომა“, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დასხივებამ ან მოწამვლამ. ამას დაემატა AL ტიპის ამილოიდოზიც. მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ვინაიდან ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. მიუხედავად ჩემი უეცარი ავადობის საეჭვო გარემოებებისა, და მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს გამოუძიებია ეს შემთხვევა.
იმავე 2021 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ჩავიტარე ქიმიოთერაპიის 24 კურსი. მკურნალობას ძლივს გადავურჩი და ძლივს ავიცილე თავიდან გულისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რისი რეკომენდაციაც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით ვცდილობდი ჯანმრთელობის აღდგენას, მუდმივი სისუსტისა და დაუძლურებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მეთქვა და საჯარო გამოსვლებსა და ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტივობებს ჩამოვშორებოდი.
უკვე წელიწადნახევარზე მეტია - თითქმის ორი წელიც - აღარ მქონია საჯარო გამოსვლა საქართველოში არსებულ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობას დავუბრუნდი და პარალელურად ვაგრძელებ ქრონიკული დაავადებების მუდმივ მკურნალობას. ამიტომ, ამ მიზეზითაც, შეუძლებელია მე პოლიტიკოსთა რიცხვს მიმაკუთვნონ, შესაძლებელია მხოლოდ დამახასიათონ როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელიც აწ უკვე ორი წელია იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი საჯარო წერილები და გამოსვლები პოდკასტების სახით.
არანაკლებ მცდარია ბრალდება, თითქოს მე "მედიამაგნატი“ ვიყო. ჩემი მძიმე ავადმყოფობისა და ზემოხსენებული მკურნალობის პერიოდში, ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლის ამბავი მთავარი მედიასაშუალებების უმრავლესობამ ჩაახშო და სრულიად დააიგნორა. მხოლოდ ერთი ტელეინტერვიუ ჩაიწერა ჩემთან, მაგრამ ისიც ერთი წლის დაგვიანებით გავიდა ეთერში და მასში ჩაწერილი მასალის ნახევარზე მეტი ამოჭრილი იყო "TV იმედი“-ს მიერ.
ჩემს დღიურს - "უძლურის დღიური“ - რომელიც ავადმყოფობისას დავწერე და ლამის მომაკვდავი ვწერდი, ფეისბუქმა გავრცელება დაუბლოკა, იმ ე.წ. "ფაქტ-ჩეკერების“ აქტიურობით, რომლებიც, არსებითად, ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებული არასამთავრობოები არიან.
ანალოგიური ბედი ეწია ჩემს წერილს "ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, რომელიც დღიურამდე დავწერე და სადაც ფაქტობრივად, მთელი სიზუსტით გადმოვეცი ის მოვლენები, რამაც ჩემი ავადმყოფობა გამოიწვია. ისიც წაშალეს ფეისბუქიდან.
სიტყვის თავისუფლების ამ მუდმივმა შეზღუდვამ მაიძულა, გამომენახა დრო და სახსრები და დამეარსებინა პატარა საკაბელო სატელევიზიო არხი - "ერი მედია“, რომელიც იქნებოდა ერთგვარი სივრცე ჩემი და ტრადიციული საზოგადოების სხვა პატივსაცემი წევრების კონსერვატორული აზრის გამოსახატად. თუმცა, გასულ წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჯარო გამოსვლებზე საბოლოო უარის თქმის შემდეგ, ეს არხიც დავხურე და მას შემდეგ აღარ ფუნქციონირებს (დღეს მხოლოდ გვერდი რჩება სოციალურ მედიაში). აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვინმემ მე "მედიამაგნატი“ მიწოდოს.
არასოდეს გამივრცელებია "პრორუსული დეზინფორმაცია“ (ისე, საერთოდ რა სამართლებრივი ტერმინია "pump out“?), რასაც საქართველოში მონიტორინგს უწევს შესაბამისი მარეგულირებელი უწყება. არხის მოკლევადიანი მაუწყებლობისას მათგან არასოდეს მიმიღია რაიმე სახის სანქცია ან გაფრთხილება. ჩემი ყველა მოსაზრება და ანალიზი ყოველთვის გამოხატული იყო თავისუფლად და ზრდილობიანად, კანონებისა და ეთიკური ნორმების ფარგლებში.
არასოდეს დამიჭერია მხარი უკრაინის ომისთვის. პირიქით, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, უზომოდ დამამწუხრა ამ ამბავმა. ომის მიზეზების შესახებ ჩემი ანალიზი ყოველთვის ეფუძნებოდა ბევრი დასავლელი, ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი მოაზროვნის, დიპლომატის და სამხედრო და უსაფრთხოების დარგის ექსპერტის ნაშრომებსა და ლექციებს. მათ შორის არიან პროფესორები ჯეფრი საქსი, ჯონ მერშაიმერი, გლენ დისენი; ელჩი ჩეზ ფრიმანი; პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი; გაეროს შეიარაღების ყოფილი ინსპექტორი სკოტ რიტერი; პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი; მოსამართლე ენდრიუ ნაპოლიტანო; ჟურნალისტები სეიმურ ჰერში, კრისტოფერ ჰეჯესი, მაქს ბლუმენტალი, კლეიტონ და ნატალი მორისები, ტაკერ კარლსონი და სხვები. არცერთი მათგანი არ ყოფილა ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებული "პრორუსული დეზინფორმაციის“ გავრცელების გამო. ჩემს ანალიზში ვერავინ იპოვის "რუსული პროპაგანდის“ წყაროს ან მითითებას - ყოველთვის ვცდილობ განვასხვავო ნებისმიერი ქვეყნის პროპაგანდა რეალური მოვლენებისგან.
მაგალითად, სანქციებში ერთ-ერთი ბრალდება ისიცაა, თითქოს მე მტკიცებითში მითქვამს, რომ 2014 წელს მაიდანზე მომიტინგეთა მკვლელობაში მონაწილე სნაიპერებს შორის ქართველებიც იყვნენ. სინამდვილეში, ჩემი საუბრის ზუსტი ტექსტი ასე ჟღერს: "...მე მინდა შეგახსენოთ რითი დაიწყო ეს ყველაფერი: ვიქტორია ნულანდი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი... მოადგილე… ჩავიდა კიევში… და არიგებდა ფუნთუშებს რევოლუციონერებზე, რომლებიც ამხობდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს, კანონიერად არჩეულ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც არ უნდოდა რუსეთთან დაპირისპირება ევროპის ხარჯზე. ამის მერე ასამდე ადამიანი ამ დემონსტრანტებიდან იღუპება ახლო მდგომი ფანჯრებიდან... თუ სასტუმროს ფანჯრებიდან გასროლილი ... ტყვიებით, რომელთა რიგებშიც, სამწუხაროდ არის ეჭვი, რომ იყვნენ ქართველი ქილერებიც“. ეს ფორმულირება, როგორც ჩემი ყველა სხვა განცხადება, სრულად შეესაბამება იმ დასავლელი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ნარატივს, რომლებიც ზემოთ დავასახელე.
ამიტომ, ამ ბრალდებების აბსურდულობიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის გაკეთება შემიძლია: ან ბრიტანეთის მთავრობა მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებით მოქმედებენ, ან ეს მცდარი ბრალდებები უბრალოდ გამოყენებულია სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით ჩემი დევნის გასამართლებლად", - წერს ვასაძე.