
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს, პრაქტიკულად, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მორიგი მცდელობით დაემუქრა, თუმცა მისგან ეს არც გასაკვირია და არც საშიში, რადგან სახელმწიფო, რევოლუციის ნებისმიერ მორიგ მცდელობას, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, საკადრის პასუხს გასცემს, დამნაშავეები კი უმკაცრესად დაისჯებიან, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გორდულაძე აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მასალა სპექტაკლია, სიმართლეს არ შეესაბამება, რამდენადაც ჩანაწერში გარკვევით ისმის ბრალდებულის ხმა, რომელიც დამკვეთს ანგარიშს აბარებს, აქედან გამომდინარე კი ჩანაწერის ავთენტურობის შესახებ კითხვის ნიშანი არ არსებობს.
„4 ოქტომბერს საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა თბილისში განვითარებული მოვლენები და რადიკალების მხრიდან დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა.
რევოლუციური სცენარის ჩავარდნის შემდეგ, რადიკალებმა და მათთან დაკავშირებულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა შეთქმულების თეორიებზე, ღალატსა და ათას აბსურდზე დაიწყეს მსჯელობა.
ამას მოჰყვა იმავე რადიკალების გულისწყვეტა, რომ ბოლო წლებში, რევოლუციის მე-5 მცდელობაც ჩავარდა და მათივე ერთგვარი დაპირება, რომ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას არ შეწყვეტენ.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს სპექტაკლი უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ რადიკალები შეცდომებზე ისწავლიან და მომავლისთვის უკეთ „მოემზადებიან“.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს, პრაქტიკულად, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მორიგი მცდელობით დაემუქრა, თუმცა მისგან ეს არც გასაკვირია და არც საშიში, რადგან სახელმწიფო, რევოლუციის ნებისმიერ მორიგ მცდელობას, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, საკადრის პასუხს გასცემს, დამნაშავეები კი უმკაცრესად დაისჯებიან.
ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მუქარაზე მეტად მაჩალიკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლად მოხსენიებული იმ ჩანაწერის შინაარსია მნიშვნელოვანი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ ისმის, რომ ბრალდებული თავისივე პირით აბარებს ანგარიშს დამკვეთს ტყეში დამალული იმ შეიარაღების შესახებ, რაც პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობების პარალელურად, დივერსიული აქტების განხორციელებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ჩანაწერში ისმის ბრალდებულის ხმა, რომელიც დამკვეთს აბარებს ანგარიშს.
შესაბამისად, ამ ჩანაწერების ავთენტურობასთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან მტკიცებულებების ფაბრიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან ერთად ჩაბარდა წარსულს!“,- წერს არჩილ გორდულაძე.