რეზონანსი
07.10.2025

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს მთავარი საკითხი იყო, რომ გაიმარჯვა დემოკრატიამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა საარჩევნო უბნებზე.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა" განაცხადა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვა „არა იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც შეიკრიბნენ და დაიშალნენ, ნაწილი ციხეში აღმოჩნდა, არამედ ქართველმა ხალხმა, რომელმაც საკუთარი სახელისუფლებო მანდატი გადასცა 64 მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოებს".

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, არა იმ ექსტრემისტებს, რომლებსაც ასე გულში იხუტებენ უცხოელები, არამედ ქართველ ხალხს, რომელმაც 4 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ" ამ შემთხვევაშიც გარკვეული რეკორდები მოხსნა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებს თუ შევხედავთ, მივიღეთ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით. ჩვენ რეალურად საქართველოს მასშტაბით გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, 2024 წლის და 2021-ის. მილიონ ასიათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას". გახსოვთ, 2024 წელს მილიონ 120 000 იყო და დაახლოებით ამდენი, მილიონ 160 000 იყო 2012 წელს. ანუ, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს გამოვიდა დეზინფორმაციის, ტერორის, გარედან ზეწოლის ფონზე და კიდევ ერთხელ, ერთი წლის თავზე 2024 წლის არჩევნებიდან, თავისი მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე რადიკალურმა ოპოზიციამ აღიარა არჩევნები.

„ლელომ", გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ" მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს", ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? თუ ამ არჩევნებს აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×