
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გაანცხადა.
დარახველიძის განცხადებით, ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კიდევ 4 პირი დააკავეს - ესენი არიან: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ..
ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო 3 პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა დარახველიძემ.