რეზონანსი
08.10.2025

ბოიკოტი არის აბსურდის გზა და აბსურდის გზა დასრულდა იმ გროტესკით, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს - პასუხისმგებლობა ეკისრება ბოიკოტის გზას , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბოიკოტი ძალიან ძლიერი პროპაგანდა იყო, ამიტომ არჩევნების დღეს ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს.

„ბოიკოტის გზას ვაკისრებ პასუხისმგებლობა აბსურდზე, რომელიც შედეგად მივიღეთ. ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, დაედო ის გროტესკული სურათი, რაც დაიდო. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ჩვენ როდესაც გვეკითხებიან, რატომ ვერ შეძელით მეტი ადამიანის მობილიზება, რომ მოსულიყო საარჩევნო ყუთთან, ჩვენ ძალიან გვიან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მანამდე მაცივარი რომ გამოგეღო, იქაც ვიღაც გეუბნებოდა, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ. ბოიკოტის ძალიან ძლიერი პროპაგანდა იყო.

საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ ოპოზიცია იმარჯვებდა თბილისში და ამავე დროს გამარჯვების დიდი აქცია იკრიბებოდა თბილისის ქუჩებში. გამარჯვებული ოპოზიციონერი თბილისის მერი, გაერთიანებული ოპოზიციით მის უკან, მიდის აქციაზე ამ გამარჯვების ხალხისთვის მისართმევად - ეს წარმოიდგინეთ და მერე გაიხსენეთ ის სურათი, რაც ვიხილეთ არჩევნების საღამოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „არ არის გამორიცხული“, რომ 2026 წლის გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ხელისუფლებას აწუხებს ის ფაქტი, რომ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ივანიშვილს არ აინტერესებს დემოკრატიული ლეგიტიმაცია. არ აწუხებთ მარტო რომ სხედან პარლამენტში. რუსეთის დავალებებს მარტო ასრულებენ. მათი ერთადერთი წუხილი არის ის, რომ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ ამოიღებენ კონსტიტუციიდან ჩანაწერს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ნამდვილად აწუხებთ მათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×