
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციაზე, რომლის გაცხადებული მიზანიც ხელისუფლების დამხობა იყო.
მისი თქმით, აქციის გეგმის შესახებ მხოლოდ კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ.
"კონკრეტულ ადამიანთა მცირე ჯგუფს ჰქონდა ინფორმაცია, რის გამოც ისინი საუბრობდნენ გეგმის რეალურობაზე და, ფაქტობრივად, დარწმუნებულები იყვნენ წარმატებაში. რამ არ იმუშავა, რა მოხდა, ვისი იმედი ჰქონდათ, პროვოკაციის მხრივ რა მოხდა თუ როგორ ჩაიშალა მათი გეგმა - მე ვერ გეტყვით ნამდვილად.
ზოგს არ სჯერა, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი არის ძალიან მარტივად - საჯაროდ რაც არის, ის იყო სინამდვილეში - კონკრეტული ადამიანების ჯგუფი იყო ჩართული ამ აქციაში, მის ორგანიზებაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა აქციას ვუჭერთ მხარს. ეს აქცია დაგეგმილი იყო კონკრეტული ადამიანების მიერ - იყვნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებიც და ვიცით, რომ მარტო ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არ დაუკავებიათ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აირიდოს და სხვა პარტიაზე ისაუბროს. დიახაც, რამდენიმე ადამიანი შეკავშირდა საქართველოში, დააწყო გეგმა, რომლის დეტალებსაც არ აცნობდნენ სხვებს, იმის გამო, რომ დიახაც, დიქტატურაში ვცხოვრობთ და როდესაც გეგმის შესახებ იცის ბევრმა ადამიანმა, არის ამ გეგმის ეფექტურობაზე უარყოფითად ასახული.
რაც შეეხება ამ მშვიდობიან დამხობას - რა ძალადობრივი შემცველობაც სურთ რომ დაინახონ, სინამდვილეში, ამ გეგმის მთავარი არსი იყო ის, რომ ყველაფერი აბსოლუტურად მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. ამიტომაც ის, რაც მოხდა, არ იყო გეგმის მიხედვით - ამაზე საუბრობენ, რომ მოხდა ღალატი, პროვოკაცია... რა მოხდა და როგორც მოხდა, სადაც ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ, როგორ გითხრათ? არ არსებობს ერთი ნივთიერი მტკიცებულებაც კი იმის დასადასტურებელი, რომ ვინმემ, ამ კონკრეტული ადამიანების გარდა, რაიმე იცოდა ამ გეგმის შესახებ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.