რეზონანსი
09.10.2025

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში, რომელსაც ანკარამ უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან - იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ხელს უწყობს სამი ქვეყნის სამხედროების დაახლოებასა და თავსებადობის გაძლიერებას. ამ კუთხით, სამმხრივი სწავლებების დინამიკა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობა აღინიშნა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა, მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებასა და თავდაცვის ძალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.

მინისტრებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს და ამ კონტექსტში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც რეგიონში მშვიდობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კოლეგებმა ერთმანეთს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ჩიქოვანმა მინისტერიალის ფარგლებში, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში ყოველწლიურად იმართება როტაციის პრინციპით. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×