
ბელგიის პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, ბარტ დე ვევერზე თავდასხმის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ „ბიბისი" წერს.
პროკურატურამ პრემიერ-მინისტრისა და სხვა პოლიტიკოსებზე თავდასხმის გეგმა „ჯიჰადისტებით შთაგონებულ ტერორისტულ თავდასხმად" შეაფასა.
ანტვერპენის შტატის ქალაქ დეურნში, პრემიერ-მინისტრის კერძო რეზიდენციის მახლობლად ჩატარებული ჩხრეკის დროს ხელისუფლებამ აღმოაჩინა სავარაუდო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილები დრონის გამოყენებას გეგმავდნენ.
პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები 2001, 2002 და 2007 წელს არიან დაბადებული და სამივე მათგანი ანტვერპენში ცხოვრობს.
პროკურატურამ თავდასხმის სავარაუდო სამიზნეები არ დაასახელა, თუმცა ვიცე-პრემიერმა, მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ დე ვევერი მათ შორის იყო.
„ცნობა პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ უკიდურესად შოკისმომგვრელია. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ძალიან რეალური ტერორისტული საფრთხის წინაშე ვართ და ფხიზლად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.