
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვერც ერთი პროფესია სავარაუდო დამნაშავეს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის.
ათონელის რეზიდენციაში შეჭრილებს შორის იყო გიორგი ჩახუნაშვილი. ის უკვე დაკავებულია. აქტივისტებმა მისი დაკავება წუხელ ღამითვე გააპროტესტეს მისივე სახლთან. სახლიდანვე გაავრცელა ვიდეომიმართვა დაკავებულმაც და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები მისთვის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა იყო. ექიმ პედიატრის მხარდამჭერი აქცია დღესაც გაიმართა, ხოლო მისი კოლეგები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"ქართულ ოცნებაში" 4 ოქტომბრამდე გაკეთებული საჯარო განცხადებები გაიხსენეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირები მომიტინგეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება გარდაუვალი იქნებოდა.
4 ოქტომბრის მოვლენებში ძალადობრივ ქმედებებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათი აზრით, ხელისუფლება ხმაურიანი დაკავებებით პროტესტის მონაწილეების შეშინებას ცდილობს.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დანაშაულის შემთხვევაში კანონი არც პროფესიის და არც საზოგადოებაში არსებული სტატუსის მიხედვით არ განასხვავებს ადამიანებს.
მმართველი ძალის თქმით, 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე პირების წრე უფრო ფართოა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველა მათგანს მოუწევს