
იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს პროტესტის ქვეშ არიან გაერთიანებული, სამი წლის წინ ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, მოხალისეები გაგვეშვა უკრაინაში და სანქციებს შევერთებოდით, დღესაც იმავე ხალხთან და იმავე დაკვეთებთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება უკან არ დაიხევს.
„სამი წელი გავიდა და დღეს ხომ შეგვიძლია, კითხვა დავსვათ, რას აპროტესტებდნენ ის ადამიანები, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ გამოვიდნენ პარლამენტის წინ. ესენი იყვნენ მომღერლები, მედიცინის მუშაკები, მასწავლებლები, პროფესორები, სპორტსმენები, კულტურის მუშაკები. ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, მოხალისეები გაგვეშვა და სანქციებს შევერთებოდით. მოხალისეების გაშვება ნიშნავდა თუ არა ომში ჩართვას პირდაპირი მნიშვნელობით? სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაუძლო აქციებსა და ზეწოლას, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა – რომელიმე ქვეყნიდან მოხალისეების ომში გაშვება ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ერთვება ომში. ეს პასუხი ყველამ მოვისმინეთ. სად რევდნენ ქვეყანას? მეორე მოთხოვნა იყო სანქციებთან შეერთება. ჩვენ რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, ამას რა მოჰყვებოდა? ჩვენ ისედაც შეერთებული ვიყავით საერთო ძალისხმევას, რეზოლუციებს და იმ სანქციებს, რომლებიც არ აზარალებდა ჩვენს ქვეყანას. არაერთხელ შეაფასეს ექსპერტებმა და პრემიერ-მინისტრმა, რომ რასაც გვთხოვდნენ, ის რომ გაგვეკეთებინა, ჩვენი ეკონომიკა არა პლუს შვიდი პროცენტი, არამედ მინუსებში იქნებოდა. ვის შეეხებოდა ეს ყველაფერი? პატრიოტობასა და ამ ქვეყნის სიყვარულზე როცა საუბრობ, გამოდიხარ აქციაზე და ამას სთხოვ ხელისუფლებას, რა გიწოდოს შენ? დღესაც იმავე ხალხთან და იმავე დაკვეთებთან გვაქვს საქმე. ეს ინტერესთა კონფლიქტი ჯერჯერობით მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიხევთ უკან, შეუძლებელია, უკან დავიხიოთ, რადგან ჩვენ უკან სამშობლოა, ეროვნული ინტერესია. ჩვენი მხრიდან განსხვავებული პოზიციების გაჟღერება და განხორციელება შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.