მარიამ ვეკუა
13.10.2025

აშშ-ის მიერ შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების - „ტომაჰავკების" - უკრაინისთვის გადაცემის საკითხი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. კრემლის რიტორიკა შესამჩნევად გამკაცრდა: თუ ადრე მოსკოვი აცხადებდა, რომ ასეთი შეიარაღება ომის დინამიკას ვერ შეცვლიდა, ახლა ამ თემამ „უკიდურესი შეშფოთება" გამოიწვია. გადასცემს თუ არა აშშ კიევს „ტომაჰავკებს" და რა საპასუხო ნაბიჯს გადადგამს მოსკოვი?

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია, აცხადებს, რომ რუსეთი უკვე გააქტიურებულია და ფაქტობრივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

„რუსეთი უკვე დაესხა თავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს ჰიბრიდული ომის მეთოდებით. ვიმყოფებოდი პოლონეთში, ბელარუსისა და რუსეთის საზღვარზე - სწორედ ამ მონაკვეთზე რუსეთმა ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი დაიწყო. უკვე გამოჩნდნენ „ვაგნერის" დაჯგუფების წარმომადგენლები. იქ პირდაპირ მიმდინარეობს შეტევები პოლონეთის სასაზღვრო ზოლის გასწვრივ.

რუსეთი ცდილობს შექმნას დაძაბულობის კერა სუვალკის კორიდორის ფორმატში. ლატვიასა და ლიტვაში უკვე გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას - არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა პირდაპირ განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია სწორედ ამ ქვეყნებში.

რუსეთმა ასე უპასუხა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, ფაქტობრივად დაიწყო უკვე დაიწყო ჰიბრიდული ომი."-განაცხადა მაისაიამ.

ექსპერტი არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთმა „ბურევესტიკის" ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმად აქციოს.

„ასე რომ, მოსკოვმა შესაძლოა გამოიყენოს „ბურევესტიკის" ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი. ამ იარაღის გამოყენებით პუტინმა უკვე დაიმუქრა. ეს არის ახალი ტიპის სარაკეტო სისტემა - დეტალები ჯერჯერობით არ არის გასაჯაროვებული. როგორც ოდესღაც „ორეშნიკის" სისტემა იყო, დაახლოებით იგივე პრინციპზე მუშაობს, თუმცა „ბურევესტიკი" გაცილებით ძლიერია. მისი გამოყენება შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პლაცდარმი უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა „ტომაჰავკების" გადაცემა რუსეთ-უკრაინის ომში ახალი ეტაპი, ვახტანგ მაისაია პასუხობს: „დიდი ალბათობით - კი."

„ტომაჰავკების" გადაცემამ კი შეიძლება ომი ახალ ეტაპზე გადაიყვანოს - დიდი ალბათობით, სწორედ ასე იქნება."-დასძინა მაისაიამ.

ათვლის წერტილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების „ტომაჰავკის" გაგზავნის საკითხს განიხილავს. კვირას, Air Force One-ის ეთერში ჟურნალისტების კითხვაზე, მიაწვდიდა თუ არა კიევს „ტომაჰავკებს", ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ... შეიძლება". აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაკეტები უკრაინისა და რუსეთს შორის ომში „ ახალი ნაბიჯი" იქნება.

კომენტარები შაბათ-კვირას ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა, სადაც ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევების განსახორციელებლად სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება მოითხოვა.

მოსკოვმა ვაშინგტონი ადრე გააფრთხილა , რომ კიევისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევდა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს დაძაბავდა.

„ტომაჰავკის" რაკეტებს 2500 კმ-ის (1500 მილი) მოქმედების რადიუსი აქვთ, ტრამპმა კვირას ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა რუსეთს უკრაინის მიერ მოთხოვნილ „ტომაჰავკებზეც" ესაუბროს.

„შეიძლება მათ [რუსეთს] ვუთხრა, რომ თუ ომი არ დასრულდება , შესაძლოა ეს ნაბიჯი გადავდგათ..სურთ თუ არა მათ [რუსეთს], რომ „ტომაჰავკები" მათივე მიმართულებით წავიდნენ? ყოველშემთხვევაში, მე ასე არ ვფიქრობ", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რუსეთი შეშფოთებულია

კვირას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ტომაჰავკების" თემა რუსეთისთვის „უკიდურეს შეშფოთებას" იწვევს. ძალიან დრამატული მომენტია ყველა მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა პესკოვმა..

ჯერ კიდევ სექტემბერში პესკოვი ამბობდა, რომ ტომოჰავკებსი გადაცემა ომის „დინამიკის შეცვლას" ვერ მოახერხებდა.თუმცა, კვირას გაკეთებულ კომენტარში ის ხაზგასმით ამბობს, რომ თუ „ტომაჰავკები" სიტუაციას ძაბავს.

„ეს არის სპეციალური იარაღი; ისინი შეიძლება იყოს ბირთვული ან არაბირთვული. მათ აქვთ დიდი, მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი", -დასძნა პესკოვმა.

ორშაბათს დილით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პესკოვის კომენტარის სიმძაფრე „გააორმაგა".

„როგორ უნდა უპასუხოს რუსეთმა? რა თქმა უნდა, ზუსტად!" - დაწერა მედვედევმა სოციალურ მედიაში.

„ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ყველასთვის ცუდად დასრულდეს. და უპირველეს ყოვლისა - თავად ტრამპისთვის", - დაწერა მან.

შეგახსენებთ. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევმა არაერთხელ მოითხოვა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსება, რადგან უკრიანა რუსეთის ქალაქებზე დარტყმას განიხილავს, მათ შორის , ფრონტის ხაზიდან შორს.

უკრაინის ქალაქები, მათ შორის კიევი, არაერთხელ გახდა რუსეთის მიერ დრონებითა და რაკეტებით ინტენსიური დაბომბვის ობიექტი. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა განსაკუთრებით უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, რამაც ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია.

გასულ თვეში, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლებამოსილება მისცა და Fox News-ს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს თავდასხმებისგან „თავშესაფარი არ არსებობს"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×